რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია ზახაროვამ პრორუსი ბიზნესმენის, პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერის, მამუკა ფიფიას კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთის საგარეო უწყება, სისტემურად დაუჭიროს მხარი რუსულ-ქართულ ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებს, რათა ახალგაზრდებმა "ობიექტური ინფორმაცია" მიიღონ, განაცხადა, რომ "ბედნიერები არიან", რომ სავიზო კედლები დაინგრა და რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.

ცნობისათვის, ფიფია ეკატერინბურგში, 40-კაციან ქართულ დელეგაციასთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალს ესწრება.

მისი კითხვის საპასუხოს ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა "ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად იპოვონ პასუხი კითხვაზე: როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები — როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი?".

ამას გარდა, ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთში ჩასულმა ქართველებმა თავად უნდა ნახონ ქვეყანაში არსებული ვითარება — მოინახულონ თეატრები, მუზეუმები, რესტორნები, საქართველოსა და რუსეთს საერთო ისტორიის ძეგლები და მემორიალები, გაესაუბრონ სხვადასხვა თაობის ადამიანებს და სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეცნონ, როგორ არის წარმოდგენილი ქართული ისტორია და ლიტერატურა. მისი თქმით, "სიმართლის" გასაგებად რუსეთში ჩამოსვლა და ვითარების ადგილზე შეფასებაა საჭირო.

"ნება მომეცით, გიპასუხოთ ამ კითხვაზე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე უბრალოდ როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქემ — და გარდა ყველაფრისა, როგორც ადამიანმა, რომელსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად იპოვონ პასუხი კითხვაზე: როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები — როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი?

იცით, ამბობენ ხოლმე, რომ სიმართლე უფასოა. ის მართლაც უფასოა. მაგრამ აი ეს კონკრეტული სეგმენტი, სიმართლის ეს ნაწილი, მართლაც შეიძლება შეფასდეს — იცით, რა ღირს? ის ღირს საქართველოდან რუსეთში ფრენის ბილეთის ფასი.

ჩამოდით და თავად ნახეთ. დაელაპარაკეთ ჩვენს მოქალაქეებს, იარეთ ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში, რესტორნებშიც კი, შეგიძლიათ შეადაროთ, სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო — მოსკოვში თუ თბილისში... ეს გემრიელი ძალაა.

ამიტომ ჩამოდით და ნახეთ, თავად ჩამოდით! შეიძლება თვითმფრინავით არა, როგორც გირჩევნიათ, უბრალოდ ჩამოდით და ნახეთ. გაიგეთ, რა მდგომარეობაშია ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან თუ ჩვენს საერთო ისტორიასთან. მოინახულეთ ჩვენი საერთო საბრძოლო დიდების ადგილები, ნახეთ, რა მდგომარეობაშია მემორიალები, რომლებზეც ამოკვეთილია ქართული გვარები და სახელები. დაელაპარაკეთ ყველას: ახალგაზრდებს, უფროს თაობას. შედით ბიბლიოთეკებში და ნახეთ, როგორ არის წარმოდგენილი ქართული ლიტერატურა, როგორ ვამაყობთ იმით, რომ გვქონდა ასეთი საერთო წარსული. შედით სკოლებში, გადაშალეთ ისტორიის სახელმძღვანელოები და ნახეთ, რამხელა პატივისცემით ისწავლება ის ნაწილი, რაც საქართველოსა და ჩვენს საერთო ისტორიას ეხება", — თქვა ზახაროვამ.

ზახაროვა ამბობს, რომ მისი შეფასებით, დასავლური პროპაგანდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთის როლს მალავს და საქართველოში დასავლურ გრანტებზე დამოკიდებულ პოლიტიკოსებს რუსოფობიური პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგებდა. ამასთან, ის ქართველებს მოუწოდებს, რუსეთში ჩავიდნენ და იქ თავად ნახონ ვითარება და საკუთარი პასუხები იპოვონ.

ბრიფინგზე მამუკა ფიფიამ ისიც თქვა, რომ რუსეთში 40-კაციანი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიერ ქართველი ახალგაზრდების ანტირუსული განწყობების ჩამოყალიბების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდები რუსეთთან პირდაპირი კონტაქტით ინტერესდებიან.

მეტი მამუკა ფიფიას შესახებ: