აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დავალებით თვალთვალის, გადაბირებისა და მკვლელობების მომზადებისთვის ხუთ პირს ბრალი წაუყენა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი პირი, სავარაუდოდ, რუსული დაზვერვისთვის მუშაობდა, რათა "განეხორციელებინათ თავდასხმები და მკვლელობები მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც". უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის მოქალაქე იური ხრამეევს (63 წლის), მის შვილს — კირილ ხრამეევს (27 წლის), კუბის მოქალაქეებს — ოემის რომაგოსა დურუტის (35 წლის) და იაიდელ დელგადო სუარესს (35 წლის), ასევე ვენესუელის მოქალაქე ანხელ ედუარდო კასტროს (22 წლის) ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსების შეთქმულება. ხრამეევს, სუარესსა და კასტროს ასევე წაეყენათ ბრალი შეკვეთილი მკვლელობის მომზადების შეთქმულებაში.

გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გეგმები მოიცავდა "ძალისხმევას იმ რუსი დისიდენტის მოსაკლავად, რომელიც, გამომძიებლების ვარაუდით, ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მიდამოებში იმყოფებოდა".

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულმა ქსელმა, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში რამდენიმე ადამიანი გადაიბირა რუს დისიდენტებზე თვალთვალისთვის, მათ შორის — ერთ-ერთზე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო მეორეზე — ლიეტუვაში.

იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ერთ-ერთ გადაბირებულს, სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრები პირის ლიკვიდაციისთვის ან "გაუჩინარებისთვის" $40 000 შესთავაზეს. გასულ წელს, აშშ-ში მეორე გადაბირებულს კი, სავარაუდოდ, ლიეტუვაში მცხოვრები პირის მოსაკლავად $25 000 შესთავაზეს.