რუსეთის ხელისუფლება 2035 წლისთვის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შვიდი დაწესებულების აშენებას გეგმავს, რომლებიც ერთ სივრცეში გააერთიანებს წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სხვადასხვა რეჟიმის კოლონიებს. ამის შესახებ The Moscow Times წერს.

მათი ცნობით, დაწესებულებები ჯამში 20 ათასზე მეტ ადამიანს დაიტევს: წინასწარი დაკავების იზოლატორებში 5 380 ადგილი იქნება, კოლონიებში კი — 15 120.

ასეთი მრავალრეჟიმიანი ციხეების აშენება იგეგმება კალუგის, ასტრახანისა და ტიუმენის ოლქებში, ბურიათიაში, ზაბაიკალის მხარეში, ასევე უკრაინის ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნაწილში. პირველი ასეთი დაწესებულება თათრეთში 2030 წლისთვის უნდა ამოქმედდეს.

წინასწარი გათვლებით, ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობა 13-დან 20 მილიარდ რუბლამდე დაჯდება. ამასთან, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გათვლებით, მრავალრეჟიმიანი დაწესებულებების გამოყენება პატიმრებისა და წინასწარ დაკავებულების შენახვის ხარჯებს 25-30%-ით შეამცირებს. შედეგად, პროექტის ხარჯების ამოღება 10 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, გაერთიანებული წინასწარი დაკავების იზოლატორებისა და კოლონიების ქალაქებიდან გატანაც იგეგმება. მაგალითად, ულან-უდესთან ასეთი ობიექტის აშენების შემთხვევაში, ქალაქიდან წინასწარი დაკავების იზოლატორისა და ოთხი კოლონიის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ახალ "სუპერ ციხეებში" უახლესი საორგანიზაციო და საინჟინრო გადაწყვეტილებების, მათ შორის IT-ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება. ასევე გათვალისწინებული იქნება თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

როგორც The Moscow Times წერს, რუსეთის ხელისუფლებამ "სუპერ ციხეების" მშენებლობა პატიმრების რაოდენობის შემცირებისა და სასჯელაღსრულების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე გადაწყვიტა.