აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, ტარიფები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, ასევე გაახანგრძლივოს ირანის წინააღმდეგ მოქმედი აშშ-ის სანქციები. მედიაში კანონპროექტს "გრემის კანონპროექტს" უწოდებენ — გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის, პატივსაცემად, რომელიც მის შემუშავებასა და აქტიურად მხარდაჭერაში მონაწილეობდა.

როგორც ონლაინგამოცემა The Hill წერს, კანონპროექტის განხილვის წესი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შესაბამისმა კომიტეტმა მოამზადა, ორი დემოკრატი კონგრესმენის მხარდაჭერით დამტკიცდა. მათ საკუთარი პარტიის პოზიციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

საბოლოოდ, რეზოლუციას მხარი 214-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 211 იყო.
ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს, წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტში კანონპროექტის განხილვისას, ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა მომდევნო დღისთვის დაგეგმილ კენჭისყრას "უაღრესად მნიშვნელოვანი" უწოდა. მისი თქმით, ეს იქნება გზავნილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის აშშ-ის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ და გაფრთხილება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის, რომ ტაივანის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯის გადადგმას მოერიდოს.

რატომ აკრიტიკებენ დემოკრატები "გრემის კანონპროექტს"

კანონპროექტის დემოკრატი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დოკუმენტი „მკვეთრად გააფართოებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უფლებამოსილებებს საბაჟო ტარიფების დაწესების სფეროში და ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ სავალდებულო სანქციებს არ ითვალისწინებს“.

ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ეს ამერიკელებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს.

რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური" სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომლის შემუშავებაშიც ლინდსი გრემი მონაწილეობდა, აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს მყიდველს, ასევე იმ ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგოსანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის კენჭს. თუ "ჯოჯოხეთურ" სანქციებს ამ ეტაპზეც დაუჭერენ მხარს, კანონპროექტი ხელმოსაწერად ტრამპს გადაეგზავნება.