დონალდ ტრამპის განცხადებით, კენედის სახელოვნებო ცენტრის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრი უსაფრთხოების გამო იხურება, თუმცა მისი რეაბილიტაცია ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლო ცენტრზე მისი სახელის დატანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საქმე ეხება წარწერას: "რესტავრირებული და აღდგენილი პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის მიერ".

"თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, რაც არ უნდა მოხდეს, და აშშ-ის უზენაესი სასამართლო მას არ გააუქმებს, კენედის ცენტრის რეკონსტრუქცია და რემონტი არ განხორციელდება", — განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, CBS News-ის ინფორმაციით, სამშაბათს, კენედის ცენტრის საბჭოს სხდომის პარალელურად, ფედერალურმა მოსამართლემ კვლავ აუკრძალა საბჭოს, რომელსაც თავად ტრამპი ხელმძღვანელობს და რომელიც მისი კაბინეტის წევრებისა და პოლიტიკური მოკავშირეებისგან შედგება, შენობისთვის ტრამპის სახელის დამატება.

"მოპასუხეებს კენედის ცენტრში პრეზიდენტ ტრამპის ან ნებისმიერი სხვა პირის, ან რაიმეს სახელის აღმნიშვნელი მემორიალური წარწერის განთავსება კონგრესის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ", — განაცხადა აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე კრისტოფერ კუპერმა გადაწყვეტილებაში.

აშშ-ის მთავრობამ სასამართლოს უკვე აცნობა, რომ სამშაბათის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, გასულ წელს კონგრესმა სარემონტო პროექტისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა.

ტრამპის თქმით, ცენტრისთვის შემოწირულობების სახით უკვე 17 მილიონი დოლარი მოიზიდა, რათა დაწესებულებას "ფუნქციონირების გაგრძელებაში" დაეხმაროს. თუმცა, ტრამპის მიერ ნახსენები შემოწირულობების წყარო არ გამჟღავნებულა და უცნობია, კონკრეტულად სად მიემართება ეს თანხები.