საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ "ევრონიუს"-ის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

საგარეო უწყებით თანახმად, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ნარატივები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან".

"საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია — შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს," — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე.

"შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის — ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს," — აღნიშნა მან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, "საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით".

უწყების ცნობით, ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.

"ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა. [...]

თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის," — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს და ევროკავშირს ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს და ამისთვის "ინტენსიური დიალოგია საჭირო".

"ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა," — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი, აბდულა ბინ ტუკი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეთ ჰაჯიევი.