წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამისთვის მთავრობა მომზადებულია.

"წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 12,4 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

მთავრობა ყურძენს წელსაც ასუბსიდირებს. კერძოდ, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა აქვს, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.