საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე მთავრობის მიერ გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებას ეხმაურება. მისი მოსაზრებით, ამ სააგენტოს დაფუძნება იმ დროისთვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. შეხსენებისათვის, ეს სააგენტო რეპრესიული კანონების მიღების პარალელურად შექმნა "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის აპრილში. მაშინ ამბობდნენ, რომ სააგენტოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ და არა უცხოური დონორებისაგან.

ამ დროისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახნად, სააგენტომ 2025 წლის ივლისში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 1,657,775 ლარით დააფინანსა. დაფინანსება მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომელთა ნაწილი საერთოდ ამ კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაფუძნდა და როგორც ჩანს, სპეციალურად ამ მიზნით დარეგისტრირდნენ.

ამ სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები ოდნავ მაინც შეელამაზებინათ. ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას როგორც ჩანს," — წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, დღეს, 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ გრანტების მართვის სააგენტო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა. კერძოდ, 2025 წლის 16 აპრილს პარლამენტმა III მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების მიღება აკრძალა. ამავე თვეში ქართული ოცნების ინიციატივით "სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად" გრანტების მართვის სააგენტო იქმნება, რომლის თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნეს.

სააგენტოს მიზნად საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გაცხადდა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ამასთან, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.

ვინ არის 17 ორგანიზაცია, რომელიც გრანტების სააგენტოს გადაწყვეტილებით 2025 წლის ივლისში ₾1,6 მლნ-ით დაფინანსდა?

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ 2025 წლის ივლისში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 1,657,775 ლარით დააფინანსა. დაფინანსება ძირითადად შშმ პირთა ინტეგრაციასა და უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული.

  1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება — ბინაზე ზრუნვის სერვისების განვითარება ქუთაისში — 100,000 ₾;
  2. დემოკრატიის განვითარების სააგენტო — პოზიტიური მშობლობის პროგრამა რეგიონებში — 99,980 ₾;
  3. შშმ ქალთა ეროვნული ქსელი — ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის გაძლიერება — 99,997 ₾;
  4. მშვიდობის კვლევის ცენტრი — კულტურული/ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მედიის გავლენის კვლევა მარნეულში — 97,950 ₾;
  5. გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა — მწვანე კორიდორები და ფრინველების დაცვა კოლხეთის პარკში — 99,366 ₾;
  6. საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი — შობადობის შემცირების ტენდენციების კვლევა — 97,900 ₾;
  7. საჭადრაკო კლუბი მერანი — ინკლუზიური ჭადრაკის კლუბი აუტისტი ბავშვებისთვის — 100,000 ₾;
  8. ავლიპ ზურაბაშვილის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება — დემენციის ეროვნული პროგრამის ჩარჩო-კონცეფციის შექმნა — 93,480 ₾;
  9. ენაგრამა — AI საუბარმწერის დანერგვა განათლების ხარისხის ცენტრში — 100,000 ₾;
  10. თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი — საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლება — 99,920 ₾;
  11. საზოგადოებრივი დამცველი — ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევა — 99,688 ₾;
  12. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი — სასათბურე მეურნეობა/სოციალური საწარმო "მე აქ ვარ" — 99,535 ₾;
  13. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი —უსინათლოთა განათლების/ხელოვნების/სპორტის ხელშეწყობა — 99,910 ₾;
  14. დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი — "ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის" — 100,000 ₾;
  15. ინვალიდ და დიაბეტიან მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი "ართ ჰოლი +" — ახალგაზრდული პოდკასტი — 99,825 ₾;
  16. აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი "ჰერა" — დამხმარე ტექნოლოგიები ინკლუზიური სწავლებისთვის — 70,495 ₾;
  17. ახალი ქართული ჰაბი — "ერთად მეტი შეგვიძლია" (მშობელთა ჩართულობა შშმ ბავშვების ინტეგრაციისთვის) — 99,729 ₾.

ამასთან, 2025 წლის 26 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ "ინსტიტუციური განვითარების გრანტების" გაცემაზე საჯარო კონკურსი გამოაცხადა. უწყებას 700 ათას ლარიანი გრანტები უნდა გაეცა. ამისთვის, სსიპ-ს 19 მლნ ლარამდე თანხა ჰქონდა გათვალისწინებული. თუმცა კონკურსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩაიშალა.