საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს პარტიულ, საარჩევნო, სამართლებრივ და მედიარესურსებს. ამასთან, ის პრემიერ ირაკლი კობახიძეს სამ საკითხზე პასუხის გაცემას სთხოვს: როგორ აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და ფული; რატომ არ აისახა გამოძიების ჩვენებაში პოლიტიკოს გიორგი ლილუაშვილის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტზე და რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან და რის საფუძველზეა შეზღუდული ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძრების მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება.

"ბარიერგადალახულ პარტიას — პატრიოტთა ალიანსს ფრაქციის შექმნის საშუალებას რომ გაუუქმებ, საარჩევნო კომისიის წევრებს რომ ჩამოართმევ, ხელოვნურად რომ შექმნი ევროპელ სოციალისტებს და ჩვენი კომისიის წევრებს რომ უკანონოდ გადასცემ და რაც მთავარია, ამ რესურსს ქართული ოცნების აქტივით რომ ჩაანაცვლებ, მაინტერესებს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

პარტიებს რომ ხელოვნურად ქმნი, რომლებსაც თავად მართავ, ხელოვნურად აწინაურებ და პოლიტიკურ სივრცეში მათ დამკვიდრებას ცდილობ, ამასაც შენი ძალაუფლების განსამტკიცებლად რომ აკეთებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია?

დაბეზღების სისაძაგლეს რომ აკანონებ, შემდეგ მაბეზღარებს რომ პოულობ, პოლიტიკოსებზე "დანოსებს" აწერინებ და სისხლის სამართლის საქმეებს რომ აღძრავ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ სრულად დაეპატრონები, "იმედს", "რუსთავი 2"-ს და სხვა სახელისუფლებო არხებს რომ ბოლომდე დაიმორჩილებ და პოლიტიკური კონკურენტების სახელის გატეხაზე ამუშავებ, ხელში ჩადგებული ტელევიზიების ეთერს შენთვის არასასურველ ოპონენტებს რომ უბლოკავ, ხოლო სხვა ტელეარხებზე გამოსვლის გამო, მუდმივად აშავებ და ჩირქს სცხებ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენს კონკურენტებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას უზღუდავ? ამავდროულად, სხვადასხვა გზებით ალტერნატიულ ტელეარხებს რომ ანადგურებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?

არ გეგონოთ, რომ ამ კითხვებით შემოვიფარგლები, ეკონომიკურ კორუფციაზეც დავწერ და სოციალურ სფეროსაც შევეხები, ახლა კი, სამ კითხვას დავსვამ:

1. საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და რაც მთავარია, ფული?

2. არა გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, არამედ სრულიად სხვა ადამიანი, პოლიტიკოსი გიორგი ლილუაშვილი, ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლი საჯაროდ აცხადებს, რომ ჯორბენაძემ მას აჩვენა დავით გარეჯთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტი, გიორგი ლილუაშვილის ეს განცხადება რატომ ამოიღო გამოძიებამ ჩვენებიდან?

3. და ბოლოს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვსარგებლობ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და ვეკითხები პრემიერ კობახიძეს: განგვიმარტეთ, რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან, რის საფუძველზეა შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძრისკენ?", — წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.