"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

"იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ", — დასძინა მან.

ამასთან, როგორც ინგა ფხალაძემ განაცხადა, საჭიროა ენერგოწყაროების დივერსიფიცირება.

"დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი, რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა და ენერგოსექტორში არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

ცნობისთვის, 2026 წლის 7 თვეში ჰიდროგენერაცია წლიურად 5.3%-ით შემცირდა, ხოლო გაიზარდა ქარისა და მზის სადგურების (+61.6% წ/წ) და თბოსადგურების (+18.6% წ/წ) გენერაცია. Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის ივლისის მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ 2026 წლის ივლისში, ჰიდროგენერაციამ 1.4 ტვტ.სთ შეადგინა — ჯამური მიწოდების 98.1%.