სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ, საკონსულოს შენობიდან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დროშა, გერბი და სხვა სიმბოლოები ჩამოხსნეს. დიპლომატიური მისიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ მომავალში საკონსულო ფუნქციებს მოსკოვში გერმანიის საელჩო შეასრულებს.

"სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულო იძულებულია, შეწყვიტოს ოპერირება და 2026 წლის 18 სექტემბრიდან დაიხუროს. გენერალური საკონსულოს მოვალეობებს მოსკოვში გერმანიის საელჩო შეითავსებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე თანხმობა გააუქმა. მანამდე კი, გერმანიამ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა.

გერმანიის საკონსულო სანქტ-პეტერბურგში 1972 წლიდან ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სსრკ-სა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის 1955 წელს დამყარდა.