ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელ კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ "ბლექ სი პეტროლიუმის" ვებგვერდზე განთავსებული განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება, ხოლო აგვისტოში ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მიღებას დაიწყებს. ეს ყველაფერი რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლებას ემსახურება და ევროკომისიის მიერ დაწესებულ ექვსთვიან გარდამავალ პერიოდს შეესაბამება.

"ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია.

2026 წლის 1 ივლისს, “ბლექ სი პეტროლიუმმა” განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.

2026 წლის 3 ივლისს, "ბლექს სი პეტროლიუმსა" და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ "ბლექ სი პეტროლიუმი" აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკომისიასთან და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განკუთვნილია სწორედ იმისათვის, რომ კომპანიას რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობა ჰქონდეს. “ბსპ-ს” მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.

"ბლექ სი პეტროლიუმი" კვლავაც გააგრძელებს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, წარმოადგენს პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.

კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი — მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობასა და კონტროლს და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.

ერთობლივად, აღნიშნული ზომები გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლისა და ქარხნის ოპერირების უწყვეტობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", — ნათქვამია განცხადებაში.