სანამ წლის მიწურულს ჰოგვორტსის ექსპრესს ისევ დავემგზავრებით — ამჯერად უკვე HBO Max-ის სერიალითჰარი პოტერის კინოსამყაროს შეგვიძლია კიდევ ერთხელ მივაგოთ სათანადო პატივი. ასე რომ, ხელი დაავლეთ თქვენ-თქვენს ჯადოსნურ ჯოხებს, ბუებს და 27 აგვისტოდან გამოცხადდით პლატფორმაზე 9¾!

მოკლედ, ჯოან როულინგის ჯადოსნური სამყაროს უკვე ლეგენდარული კინოადაპტაცია, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, საიუბილეო 25-ე წლისთავზე დიდ ეკრანებზე ბრუნდება. შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის მიხედვით კრის კოლამბუსის მიერ გადაღებულ ფილმს, რომელმაც დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი მსოფლიო ვარსკვლავებად აქცია, მაყურებელი 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ისევ იხილავს კინოთეატრებში.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა; კინოკომპანია Warner Bros.-ის ცნობით, ჩვენებებზე ფილმს ასევე დაერთვება 12-წუთიანი ბონუსჩანაწერი, რომელიც კადრს მიღმა სცენებს გვიჩვენებს. ამასთან, კვირეულის განმავლობაში, კინოთეატრებში პოტერიადის დანარჩენ ფილმებსაც აჩვენებენ.

როგორც ცნობილია, კინოჩვენებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 ივლისს, ჰარი პოტერისა და ჯოან როულინგის დაბადების დღეზე დაიწყება. ჰოგვორტსში საპირველსექტემბრო დაბრუნებასთან დაკავშირებით კი, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ვენეციაში, მადრიდსა და სიდნეიში, სხვა ამაღელვებელი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

ფოტო: Warner Bros.

თუმცა, ცხადია, ყველაზე ამაღელვებელი ამბავი წინ გვაქვს — ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, საშობაოდ HBO Max-ზე ჰარი პოტერის სერიალის პრემიერა შედგება და ლეგენდარულ ტრიოს, ჰარის, რონსა და ჰერმიონს, ახალი თაობის მაყურებელს სულ სხვა სახეები გააცნობენ: დომინიკ მაკლაფლინი, ალასტერ სტაუტი და არაბელა სტენტონი.

აღსანიშნავია, რომ სერიალში ბევრი დიდი თუ პატარა სიურპრიზი გველოდება. უკვე ვიცით, რომ პროექტი მთელ ათწლეულს გასტანს, პოტერიადის თითოეულ წიგნს კი სერიალის თითო სეზონი დაეთმობა. ამასთან, სერიალი ფილმების დანაკლისსაც აანაზღაურებს — მაგალითად, ახალ ადაპტაციაში, არც მეტი, არც ნაკლები, პოლტერგეისტ პივსს ვიხილავთ!