ერთი შეხედვით, კანიბალიზმი პარადოქსულია: ის უდიდეს ტაბუდ მიიჩნევა, თუმცა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ეს ფენომენი მუდამ იჩენდა თავს. უცნაურია, რატომ უბრუნდება ჰომო საპიენსი ამ პრაქტიკას დროდადრო, თუმცა ხანგრძლივად არასდროს ნერგავს?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვროცლავის უნივერსიტეტისა (პოლონეთი) და ჩარლზის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) მკვლევრებმა სცადეს. საამისოდ მათ მათემატიკურ ხერხებს მიმართეს და ამ გზით კანიბალიზმის რისკები და სარგებელი შეადარეს ერთმანეთს.

შეიძლება ფიქრობთ, რომ კანიბალიზმს სარგებელი არც აქვს, თუმცა ადამიანის ხორციდან ორგანიზმი ისეთსავე ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს იღებს, როგორც სხვა ნებისმიერი ცხოველის ხორციდან. უკიდურეს შემთხვევებში, კანიბალიზმმა შეიძლება ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს კიდეც.

კვლევის შედეგების თანახმად, რაც უფრო მეტხანს მისდევენ ადამიანები კანიბალიზმის პრაქტიკას, მით უფრო საშიში და საზიანო ხდება იგი.

ნაშრომში ისიცაა ნახსენები, რომ კანიბალიზმი ლოგიკური შეზღუდული რაოდენობის შემთხვევაში თუა: როცა სხვა საკვები უკიდურესად იშვიათია, მსხვერპლი უკვე მკვდარია (ე.ი. "ნადირობაზე" ენერგია არ იხარჯება), ხორცის მომზადება უსაფრთხოდაა შესაძლებელი და მსხვერპლი თავად არ ყოფილა კანიბალი.

ამ ყველაფერში სხვადასხვა ინფექციისა და დაავადების გადადების რისკი გადამწყვეტ როლს ასრულებს: როცა პათოგენები ერთსა და იმავე სახეობაში ცირკულირებს (რაც სხვა სახეობის ცხოველის ხორცის ჭამისას გამორიცხულია), ინფექციების გადადების რისკი ერთიორად იზრდება.

იმ შემთხვევებში, როცა კანიბალიზმი საზოგადოებაში "ჯაჭვურ" სახეს იღებს (იმ ადამიანს ჭამენ, რომელიც თავადაც კანიბალი იყო), პათოგენების გავრცელების რისკი იზრდება. საბოლოო შედეგი ისაა, რომ ასეთი საზოგადოება მალევე ამოწყდება. ეს ნიშნავს, რომ უკურნებელი დაავადებების გავრცელების ეპიდემიოლოგიური ხარჯები ნებისმიერ კალორიულ სარგებელს აღემატება. კანიბალიზმისთვის კულტურული თვალსაზრისით ტაბუს დადება ამ ევოლუციური მახისგან თავდაცვის შესანიშნავი საშუალებაა.

მკვლევრებმა რეალური მაგალითიც მოიყვანეს: პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებ ფორეს ტომში ტვინის იშვიათი მომაკვდინებელი დაავადება გავრცელდა, სახელად კურუ. ეს პრიონული დაავადებაა, რომელიც არასწორად დაკეცილი ცილებით ვრცელდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მომზადების შედეგად ეს ცილები ისე არ ნადგურდება, როგორც ჩვეულებრივი პათოგენები. კურუ მაშინვე გაქრა, როგორც კი ტომმა რიტუალურ კანიბალიზმს დაანება თავი.

ნაშრომის ინოვაციურობა ისაა, რომ ამ ყველაფრისთვის მათ კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. უფრო კონკრეტულად, მკვლევრებმა პოპულაციის მოდელები გამოიყენეს იმის სიმულაციისთვის, თუ რამდენი ადამიანი გადარჩა, რა რაოდენობის საკვები ჩნდება კანიბალიზმით, რამდენად ვრცელდება დაავადებები ამ პრაქტიკით, როგორ იცვლება პოპულაციები დროთა განმავლობაში და ა.შ.

სიმულაციებში ამ რიცხვების რამდენჯერმე შეცვლით დადგინდა, რომ კანიბალიზმი მხოლოდ მოკლე ვადის პერსპექტივაში შეიძლება იყოს სასარგებლო. ამის შემდეგ დაავადებასთან დაკავშირებული რისკები ყველანაირ კალორიულ სარგებელს გადაწონის.

ნაშრომის ავტორები იმასაც დასძენენ, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებში არ განუხილავთ. ამ ყველაფერზე შეიძლება სამომავლოდ ჩატარებულ კვლევებში იმსჯელონ.

ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.