Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
ფოტო: Tom's Guide
იჯარით უამრავი რამის აღება შეიძლება: მაგალითად, ავტომობილის, ბინის ან საოფისე ფართის. ახლა ამ სიას Apple-ის პროდუქტებიც დაემატა.
Apple ახალ სალიზინგო პროგრამას იწყებს, რათა iPhone, Mac და სხვა პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს იმ ფონზე, როდესაც ელექტრონიკაზე ფასები იზრდება და მომხმარებლები მოწყობილობებს უფრო დიდხანს იყენებენ.
პროგრამის ფარგლებში Apple საგადახდო პლატფორმა Klarna-სთან პარტნიორობს. პროგრამა შეერთებულ შტატებში სამშაბათიდან საცალო სავაჭრო ობიექტებში, ონლაინ და Apple Store აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. iPhone და Apple Watch იჯარით 12 ან 24 თვით გაიცემა, ხოლო Mac და iPad, 24 ან 36-თვიანი ვადით. ეს ახალი სალიზინგო გეგმა iPhone Upgrade Program-ს ცვლის, რომელიც მომხმარებლებს 12 ყოველთვიური გადასახადის დაფარვის შემდეგ iPhone-ების გადაცვლის საშუალებას აძლევდა. ახალი გეგმის მიზანია მსგავსი კონცეფციის გავრცელება Apple-ის პროდუქტების უფრო ფართო სპექტრზე, ამასთანავე, გადახდის გრაფიკის მეტი მოქნილობისა და უფრო დაბალი ყოველთვიური ხარჯების შეთავაზება.
Apple-ის ვებსაიტის თანახმად, iPhone-ის ლიზინგის ყველაზე იაფი ვარიანტი თვეში 17.99 დოლარი ჯდება, ხოლო iPhone-ის განახლების გეგმა თვეში დაახლოებით 42 დოლარიდან იწყება.
ბაზრის კვლევის ფირმა International Data Corporation-ის ანალიტიკოსის, ფრანსისკო ჟერონიმოს თქმით, პროგრამა შეიძლება დაეხმაროს მომხმარებლებს, რომ iPhone ან Mac კიდევ ერთ "გამოწერად" აღიქვან, ვიდრე მსხვილ შენაძენად. ამერიკელთა უმეტესობა ტელეფონს ყოველწლიურად აღარ აახლებს: Reviews.org-ის გასული წლის გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელი თავის ტელეფონს საშუალოდ 22 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.
ამავდროულად, ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ Apple-ის iPhone-ების შემდეგი პარტია უფრო ძვირი ეღირება. მონაცემთა ცენტრებზე მზარდი მოთხოვნით გამოწვეული მეხსიერების დეფიციტის გამო, გასულ თვეში Apple-მა რიგ მოწყობილობებზე, მათ შორის Mac-ისა და iPad-ის კონკრეტულ მოდელებზე, ფასები გაზარდა.
"ჩვენ ფიქრი 1500-დოლარიან iPhone-ზე და არა 1000 (ან) 1200-დოლარიან iPhone-ზე უნდა დავიწყოთ", — განუცხადა CNN-ს ამ თვის დასაწყისში კვლევითი ფირმა TechInsights-ის მეხსიერების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ ჰოვარდმა.
ახალი სალიზინგო პროგრამის დებიუტი სექტემბერში Apple-ის ახალი iPhone-ის მოსალოდნელ პრეზენტაციამდე შედგება. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია სავარაუდოდ თავის ყველაზე ძვირადღირებულ სმარტფონს, პირველ დასაკეც iPhone-ს, გამოუშვებს.
"Apple-ის რეალური რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ფასების კიდევ უფრო ზრდამ შეიძლება განახლების ციკლზე იმოქმედოს", — განაცხადა ჟერონიმომ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა სალიზინგო პროგრამის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია — "Apple Upgrade ზუსტად იმ მომენტში ჩნდება, როდესაც ეს Apple-ს სჭირდება," — აღნიშნა მან.
კომენტარები