ხელოვნური ინტელექტის მოწინავე კომპანიების 1,100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მექანიზმს, რომელიც AI-ის განვითარების ტემპის "მიზანმიმართულად დარეგულირებაში" დაეხმარება, რათა ტექნოლოგია ძალიან სწრაფად არ განვითარდეს. რამდენიმე დღის წინ ChatGPT-ის შემქმნელმა განაცხადა, რომ მათმა ინსტრუმენტებმა სხვა კომპანიის შიდა სისტემები შეცდომით გატეხა.

წერილს თორმეტამდე კომპანიის თანამშრომელმა მოაწერა ხელი, მათ შორისაა: OpenAI, Anthropic PBC, Alphabet Inc.-ის Google და Meta Platforms Inc.

სამშაბათს შუადღის მდგომარეობით, წერილს ხელი მოაწერა AI კომპანიების რამდენიმე ხელმძღვანელმა, თანადამფუძნებელმა და კვლევის ლიდერმა, მათ შორის Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ, OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა იაკუბ პაჩოკიმ და Meta Superintelligence Lab-ის მთავარმა მეცნიერმა, შენგჯია ჟაომ.

პეტიციის მხარდასაჭერად, სამშაბათს Anthropic-მა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისივე კვლევა "მიუთითებს ისეთი ინსტრუმენტების საჭიროებაზე, რომლებიც მიზანმიმართულად დაარეგულირებს მოწინავე AI განვითარების ტემპს, რათა საზოგადოებამ მომზადება შეძლოს. მოხარული ვართ, რომ ამ სფეროში ფართო შეთანხმებას ვხედავთ".

პეტიცია აშშ-ს მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უფრო რთული AI სისტემების შექმნის ტემპის განსაზღვრაში დაეხმარება. დოკუმენტი გვაფრთხილებს, რომ არსებობს "რეალური რისკი", რომ AI განვითარდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ადამიანები მის "გაგებას ან კონტროლს" შეძლებენ.

"ჩვენ ვითხოვთ, აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ძალისხმევას იმ ტექნიკური და მმართველობითი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც საჭიროა მოწინავე ავტომატიზებული AI განვითარების ტემპის მიზანმიმართულად დასარეგულირებლად", — ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიცია AI ლიდერების ბოლოდროინდელ მოწოდებებს ეხმიანება, მათ შორის OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანისა და Google DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორის, დემის ჰასაბისის მხრიდან, ახალი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც უახლესი AI მოდელებისთვის სტანდარტებს შეამოწმებს და დაადგენს.

Anthropic-მა მანამდეც გამოთქვა წინადადება ისეთი სისტემის შექმნის შესახებ, სადაც მთავრობები და AI დეველოპერები ერთობლივად გადაწყვეტდნენ, რისკების თავიდან აცილების მიზნით AI-ზე მუშაობა როდის შეენელებინათ. "მსოფლიოსთვის კარგი იქნებოდა, ჰქონოდა იმ AI პროექტების შენელების ან დროებით შეჩერების შესაძლებლობა, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს", — განაცხადა კომპანიამ ივნისში.

ეს წინადადებები AI-ის გაუმჯობესებული უნარების მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას მოჰყვა, რომელთა საშუალებითაც მას შეზღუდული ადამიანური მეთვალყურეობის პირობებში შეუძლია უფრო რთული ამოცანები შეასრულოს, მათ შორის, აღმოაჩინოს და პოტენციურად გამოიყენოს კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობები.

გასულ კვირას OpenAI-მ განაცხადა, რომ მისმა ყველაზე მოწინავე AI მოდელებმა ტექნოლოგიური სტარტაპი Hugging Face "უპრეცედენტო" ინციდენტის დროს გატეხეს. ამ ფაქტის გასაჯაროებამ ტექნოლოგიაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ახალ მოწოდებებს დაუდო სათავე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.