ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ საფონდო ბირჟა მხოლოდ ფინანსური ექსპერტებისა და უოლ სტრიტის ანალიტიკოსებისთვის არის განკუთვნილი. რეალურად კი, ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზაა, რომელიც დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

თუ ახლა იწყებთ ამ სამყაროს აღმოჩენას, ბუნებრივია, ბევრი კითხვა გექნებათ. მოდით, მარტივად განვიხილოთ მთავარი წესები, რომლებსაც პირველი ნაბიჯების გადადგმისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

1. გაიაზრეთ, რაში აბანდებთ ფულს

კომპანიის აქცია არ არის უბრალოდ მოციმციმე ციფრები ეკრანზე — მისი ყიდვით, თქვენ ხდებით რეალური, მოქმედი ბიზნესის თანამფლობელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი ხსნის კაფეს და გთავაზობთ წილის ყიდვას. სანამ ფულს დააბანდებთ, ბუნებრივია, დაინტერესდებით: ვინ არიან მომხმარებლები? გემრიელია თუ არა ყავა? რა უპირატესობა აქვს ამ კაფეს ახლოს მდებარე კონკურენტებთან შედარებით?

ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს საფონდო ბირჟაზეც. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის, უორენ ბაფეტის ოქროს წესია: "არასოდეს ჩადოთ ფული იმაში, რაც არ გესმით".

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება არ არის ლატარია — ეს არის კონკრეტული კომპანიის გრძელვადიან წარმატებაში თანამონაწილეობა, რასაც აუცილებლად სჭირდება საფუძვლიანი კვლევა. დამწყები ინვესტორებისთვის კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის, ბაზრის ტენდენციებისა და პოტენციური რისკების წინასწარი შესწავლა გადამწყვეტია, რადგან სწორედ ინფორმირებული გადაწყვეტილება იცავს კაპიტალს ემოციური და იმპულსური ნაბიჯებისგან. მარტივად რომ ვთქვათ, წინასწარი კვლევა არის ის მთავარი ზღვარი, რომელიც განასხვავებს გააზრებულ ინვესტირებას უბრალო აზარტისგან და გაძლევთ საშუალებას, თქვენი ფული რეალური და გრძელვადიანი ღირებულების მქონე აქტივებში დააბანდოთ.

2. არ ჩადოთ ყველა კვერცხი ერთ კალათში (დივერსიფიკაცია)

პროფესიონალი ინვესტორების ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა "დივერსიფიკაციაა", რაც მარტივად რისკების გადანაწილებას ნიშნავს. ნაცვლად იმისა, რომ მთელი თქვენი დანაზოგით მხოლოდ ერთი კომპანიის აქციები იყიდოთ, აჯობებს ის სხვადასხვა სფეროში გადაანაწილოთ — მაგალითად, ტექნოლოგიებში, მედიცინასა და ფინანსებში. თუ ერთ სფეროს პრობლემები შეექმნება, მეორე დაგაზღვევთ და დიდ დანაკარგს აგარიდებთ თავიდან.

ფოტო: Shutterstock

3. აირჩიეთ სწორი ინსტრუმენტი — რა არის ETF?

დივერსიფიკაციის ყველაზე მარტივი და ნაკლებ-ხარჯიანი გზა არის ETF.

საინდექსო ფონდი წარმოიდგინეთ, როგორც წინასწარ გამზადებული "აქციების კალათა". ნაცვლად იმისა, რომ სათითაოდ იყიდოთ ასობით კომპანიის აქცია (რაც დიდ ფულს და დროს მოითხოვს), თქვენ ყიდულობთ ETF-ის ერთ წილს, რომელიც უკვე მოიცავს ამ კომპანიების პატარ-პატარა ნაწილებს. მაგალითად, S&P 500-ის ETF-ის შეძენით, თქვენ ერთდროულად აბანდებთ ფულს ამერიკის 500 ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიაში.

4. ინვესტირება მარათონია და არა სპრინტი

საფონდო ბირჟაზე ფასები ყოველდღიურად იცვლება — ხან იზრდება, ხან კი მკვეთრად ეცემა. დამწყებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფასის მცირე ვარდნის დროს პანიკაში ჩავარდნა და აქციების იმპულსურად გაყიდვაა.

უნდა გახსოვდეთ, რომ ფინანსურ სამყაროში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს და მომავალს ზუსტად ვერავინ იწინასწარმეტყველებს. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეკონომიკას კრიზისების გადალახვისა და აღდგენის ძლიერი ტენდენცია აქვს. ამიტომ, როდესაც ფულს გრძელვადიანი პერსპექტივით (5, 10 ან მეტი წელი) აბანდებთ, უმჯობესია ფოკუსირდეთ თქვენს მთავარ მიზანზე, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მისცეთ წამიერ ემოციებს იმის საშუალება, რომ გეგმები შეგაცვლევინოთ.

5. ინვესტირების დასაწყებად დიდი თანხა აუცილებელი არ არის

არ არის აუცილებელი, ინვესტირება ათასობით დოლარით დაიწყოთ. დღეს უკვე არსებობს პლატფორმები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, საფონდო ბირჟაზე პირველი ნაბიჯები სულ რაღაც 1 დოლარითაც კი გადადგათ. ეს საუკეთესო გზაა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. მცირე თანხით ისწავლით, როგორ მუშაობს სისტემა, და როცა თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ, ინვესტიციასაც ეტაპობრივად გაზრდით.


ინვესტირების დაწყება დღეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. თუ მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის, საინვესტიციო ანგარიში პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია გახსნა. იმავე სივრცეში, სადაც ყოველდღიურად მართავ შენს ფინანსებს, 9 000-ზე მეტ ამერიკულ აქციასა და ფონდში (ETF) შეძლებ ინვესტირებას. ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც ინვესტირების დაწყებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის, წილადობრივი აქციებია, რაც ნიშნავს, რომ აქციის სრული ღირებულების ნაცვლად, მისი ნაწილის შეძენაც შეგიძლია და ინვესტირება თუნდაც $1-დან დაიწყო.

გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე. ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.