რამდენიმე წელია, მზის შემსწავლელი მეცნიერები ერთ კითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას: რატომაა ჩვენს ვარსკვლავში ვერცხლი ასეთი მცირე ოდენობით? რამდენჯერაც მათ მნათობის გარე შრეებში მისი დაფიქსირება სცადეს, მოსალოდნელზე ნაკლები კონცენტრაცია აღმოაჩინეს. მაშ, სად გაქრა დანარჩენი ვერცხლი?

მზის საიდუმლო, სავარაუდოდ, ახალი კვლევის მეშვეობით ამოიხსნა. კერძოდ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ "გამქრალი" ნივთიერება მთელი ეს დრო ჩვენს თვალწინ იყო. პირველ რიგში კი ის უნდა ვიცოდეთ, რატომ ვეძებთ ვარსკვლავში ვერცხლს. მისი მასის 98.5% სრულიად სხვა ელემენტებისგან შედგება: ჰელიუმისგან და წყალბადისგან. ვერცხლზე, რკინაზე სპილენძსა და სხვა მძიმე ლითონებზე მხოლოდ დანარჩენი 1.5% მოდის.

ამის მიუხედავად, მათი დახმარებით მნათობთა ევოლუციის გაგებაა შესაძლებელი. ასევე, ჩვენს გალაქტიკაში ვერცხლის წარმოშობისა და განაწილების შესახებ მეტის გაგების საშუალება გვეძლევა. ის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გამორჩეულად ძველ მეტეორიტებში გვხვდება, რომელთაც CI ქონდრიტებს უწოდებენ. ისინი სწორედ იმ პირველადი მატერიიდან ჩამოყალიბდა, რომლიდანაც — მზე.

შესაბამისად, ასეთ მეტეორიტებში მიკვლეული ვერცხლის კონცენტრაცია მზისას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ასე არაა. მასში ამ ელემენტის ოდენობას სინათლის სპექტრის შესწავლის გზით ადგენენ, რადგან ვარსკვლავის გარე შრეები იქ სხივების გავლისას ზოგ ტალღას შთანთქავს. სპექტრის ანალიზისას ეს მუქი ხაზების სახით ჩნდება და რადგან ყველა ელემენტი განსხვავებული სიგრძის ტალღას შთანთქავს, მათი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

სპექტრის ხაზები.

ფოტო: Anish Amarsi/Uppsala University

სწორედ ასე გახდა ცნობილი, რომ მზეში ნაკლები ვერცხლია. ვინაიდან ეს CI ქონდრიტების შედგენილობას არ ემთხვევა, ასტრონომებმა საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტეს და ვარსკვლავში არსებული ატომების სიმულაცია შექმნეს. თუკი ამ მოდელით ვერცხლის მცირე მაჩვენებლის შესაბამის სპექტრულ ხაზებს მისი სიუხვის შემთხვევაშიც მიიღებდნენ, საიდუმლოს ამოხსნა გაუმარტივდებოდათ.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ატომთან სხივების შეჯახებას სხვადასხვა ეფექტი მოჰყვება და შეიძლება მის მიერ სინათლის შთანთქმაზეც იმოქმედოს. ამის გამო არაა გამორიცხული, ეს შთანთქმული სპექტრი სხვაგვარად დავინახოთ, თუმცა აღნიშნული პროცესი სიმულირებისთვის ძალიან რთულია.

ავტორები ამას არ შეუშინდნენ და შვედეთში მდებარე სუპერკომპიუტერ "ტეტრალითის" მეშვეობით პროცესის მოდელირება სცადეს. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებული ეფექტებით შეიძლება მზის სპექტრული მონაცემები აიხსნას. სიმულაციის მიხედვით, ჩვენს ვარსკვლავში 55%-ით მეტი ვერცხლია, ვიდრე ვაფიქსირებთ. მართალია, ეს ძველ მეტეორიტებში არსებულ ოდენობას ზუსტად არ შეესაბამება, თუმცა საკმარისად უახლოვდება. გამოდის, რომ, სავარაუდოდ, ვერცხლი არსად დაკარგულა, არამედ ისევ იქაა, მაგრამ ატომებთან სინათლის სხივების ურთიერთქმედების გამო ჩვენ ვერ ვხედავთ.

ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.