აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს, 3 აგვისტოს დაიწყება. მანამდე ტრამპმა ქვეყანაზე "მასშტაბური თავდასხმის" შესახებ გეგმები გააუქმა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, ირანს თავისი პოზიციის შეცვლაზე საჯაროდ არ განუცხადებია.

დონალდ ტრამპის თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმება მას მოკავშირეებმა — საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და ასევე ირანმა სთხოვეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ტრამპთან სატელეფონო საუბარში ომის დეესკალაციისკენ მოუწოდა. თუმცა, ირანის სახელმწიფო მედიაში არ ყოფილა მინიშნება იმაზე, რომ თავდასხმების გაუქმება თეირანმა ითხოვა.

ამავდროულად, ირანულ მედია Press TV-ზე დაყრდნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი კვირას თავის კოლეგას საუდის არაბეთიდან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდსა და პაკისტანის არმიის უფროსს, ასიმ მუნირს ესაუბრა, რაც 24 საათის განმავლობაში დიპლომატიური ზარების მეორე რაუნდი იყო.

ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას: მოხვდებოდა თუ არა დაგეგმილი თავდასხმის სამიზნეში ენერგეტიკული ობიექტები.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ ამერიკა "სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია" და "ინარჩუნებს მზადყოფნას ისეთ დონეზე, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს".