საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მთავრობის მეთაური თავის წერილში დეტალურად ეხება ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის საგარეო-პოლიტიკურ რიტორიკას. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ როგორ შეიცვალა ამ ჯგუფების პოზიცია რუსეთთან მიმართებით სხვადასხვა პერიოდში. კობახიძე თავდაპირველად 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებსა და იმ დროს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ომით გამოწვეული უდიდესი ტრაგედიისა და ოკუპაციის მიუხედავად, მაშინდელ მმართველ გუნდს მკაცრი კურსი არ აურჩევია.

"2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს.

როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი — დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას", — აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერმინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" ოკუპანტი ქვეყნის მიმართ პოლიტიკა არათუ არ გაუმკაცრებია, არამედ საპირისპირო ნაბიჯები გადადგა. კობახიძე იხსენებს იმ პერიოდს და აღნიშნავს, რომ ომის დასრულებისთანავე დაიწყო რუსეთის მოქალაქეების აქტიური მოწვევა საქართველოში, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში. მისივე თქმით, წახალისდა რუსული კაპიტალის შემოსვლა სტრატეგიულ ობიექტებში, გაღრმავდა კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, ხოლო მოგვიანებით ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

"საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა — 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება", — წერია განცხადებაში.

მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ წლებში არც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და არც დღევანდელ ოპოზიციონერ ლიდერებს აღნიშნული პოლიტიკა არ გაუპროტესტებიათ. კობახიძე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებსა და აქტივისტებს ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი, ვინც დღეს მკვეთრი ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევიან, იმ პერიოდში მიესალმებოდნენ რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემოსვლას, ფინანსურ ინვესტიციებსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-კულტურული კავშირების გაფართოებას.

"შეგახსენებთ, რომ არც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" — ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა" და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია", — აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები გარედან მართულ ძალას წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ უცხოური ინტერესებით მოქმედებენ. პრემიერი განმარტავს, რომ ამ ჯგუფებს 2008-2012 წლებში ანტირუსული განწყობები არ გამოუვლენიათ და მათი რიტორიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდა მკვეთრად აგრესიული, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. მისი თქმით, ეს პროცესი უკავშირდება "გლობალური ომის პარტიის" ინტერესებს, რომელსაც კონფლიქტის მასშტაბის გაზრდა და მთელ მსოფლიოში ანტირუსული განწყობების მაქსიმალური გაღვივება სჭირდებოდა.

"ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად — ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა", — აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ოპოზიციის ქცევა პარადოქსულია. იგი აღნიშნავს, რომ 2008 წელს, როდესაც საქმე უშუალოდ საქართველოს ეხებოდა — დაიღუპნენ ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, დაიკარგა 120-ზე მეტი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა — ოპოზიციას რუსეთი დაუძინებელ მტრად არ გამოუცხადებია. კობახიძის თქმით, მათ ეს ნაბიჯი მხოლოდ უკრაინის მოვლენების შემდეგ გადადგეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაზე მეტად სხვა სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ და მიღებულ დირექტივებს ასრულებენ.

"კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა", — აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერმინისტრი განაგრძობს ოპოზიციური სპექტრის კრიტიკას და მათ დღევანდელ ემოციებსა და პოზიციას ყალბს უწოდებს. იგი მაგალითად ელენე ხოშტარიას შემთხვევას იშველიებს და აცხადებს, რომ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს რეაქცია არ ჰქონია რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებზე. კობახიძე იქვე დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია და ხელისუფლებისგან ითხოვს ქვეყანაში მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირებულებების ნებისმიერ ფასად დაცვას.

"ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, "ენჯეოშნიკებს", ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები", — წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე საზოგადოებას დაფიქრებისკენ მოუწოდებს და სვამს კითხვას იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ იღებდა ოპოზიცია ანალოგიურ დავალებებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ამის ყველაზე რეალური საფუძველი არსებობდა. პრემიერი აცხადებს, რომ აღნიშნული ძალები "დიპ სტეიტის" ინტერესებს ემსახურებიან და გამოთქვამს რწმენას, რომ ქართველი ხალხი ამ ალოგიკურ ქცევას სწორ შეფასებას მისცემს.

"თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ "დიპ სტეიტია". ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის", — აღნიშნულია განცხადებაში.