საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასება მოისმინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

"აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ "ქუთაისი 220"-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "გეგუთი", რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი — საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში", — ნათქვამია სამუშაო ჯგუფის პირველად ანგარიში.

შეგახსენებთ, 24 ივლისს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. ამავე პერიოდში დენი გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა.

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.