ევროკომისიამ უკრაინას დრონების, რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო.

ევროკომისიამ უკრაინას 90 მილიარდი ევროს მოცულობის "უკრაინის მხარდაჭერის სესხის" თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში დამატებით 3,47 მილიარდი ევრო გადაურიცხა. დაფინანსება უკრაინის გადაუდებელ სამხედრო საჭიროებებს პასუხობს და მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირობებში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

"დღეს დამატებით 3,47 მილიარდ ევროს ვაბანდებთ უკრაინის ცის დასაცავად. ჩვენი 90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში ახალი ტრანშით უკრაინას ვეხმარებით საკუთარი მოქალაქეების დაცვაში. ამასთან, კიდევ უფრო ვაახლოებთ ევროპისა და უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიებს — ვაერთიანებთ ევროპის სამრეწველო შესაძლებლობებსა და უკრაინის გამორჩეულ ინოვაციურ პოტენციალს. სწორედ ასე ყალიბდება ჩვენი ახალი "დრონების შეთანხმება". ეს მხარდაჭერა ასევე მკაფიო გზავნილია: რუსეთის ყოველი იერიში აძლიერებს როგორც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ისე ჩვენს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ახალი ტრანში მოიცავს დრონების შესყიდვის პროგრამის პირველი ეტაპის დამატებით დაფინანსებას. თანხა ასევე მოხმარდება დამატებითი დრონების, მათ შორის შორი მოქმედების რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენას. მიზანია, უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა.

ევროკომისიის განცხადებით, ომის პირობებში უკრაინას თავდაცვითი საშუალებების სწრაფი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უახლოეს კვირებში იგეგმება დამატებითი დაფინანსების დამტკიცება და გადარიცხვა დრონების, საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტებისთვის.

ეს გადარიცხვა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ წინა ტრანშებს მოჰყვა. 25 ივნისს ევროკომისიამ უკრაინას 3,2 მილიარდი ევრო გამოუყო მაკროფინანსური დახმარების (MFA) სპეციალური პროგრამის ფარგლებში. მოგვიანებით, თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში, 30 ივნისს დამატებით 3,9 მილიარდი ევრო, ხოლო 15 ივლისს კიდევ 1,1 მილიარდი ევრო გადაირიცხა.

მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის 28,3 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი. 2026 წლის საბოლოო დაფინანსების განაწილება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცების შემდეგ, სექტემბერში დასრულდება, ხოლო თანხების გადარიცხვა წლის ბოლომდე გაგრძელდება.


"უკრაინის მხარდაჭერის სესხი" მოიცავს:

60 მილიარდ ევროს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის გასაძლიერებლად.

30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2026 წლის მარტში საკუთარი დაფინანსების სტრატეგია წარადგინა, ევროკავშირის საბჭომ 23 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026 წელს უკრაინისთვის 45 მილიარდ ევრომდე დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული. აქედან 16,7 მილიარდი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერა, ხოლო 28,3 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება.

როგორც ევროკომისია წერს, საბიუჯეტო დახმარება ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი — "უკრაინის ფონდის" დამატებით დაფინანსებასა და მაკროფინანსური დახმარების (MFA) ახალ პროგრამას შორის, რომელთაგან თითოეულის მოცულობა 8,35 მილიარდ ევრომდეა. ამ პროგრამის ფარგლებში პირველი — 3,2 მილიარდი ევროს — ტრანში ევროკომისიამ 25 ივნისს გადარიცხა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინასა და მის მოქალაქეებს 220 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწიეს, მათ შორის 3,8 მილიარდი ევრო რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.