“შენ უბრალოდ ყველაფერს აზვიადებ, რაიანის თქმისა არ იყოს. არსადაც არ უნდა წახვიდე. გოგონებს ამას ნუ გაუკეთებ. ყველაფერი რიგზეა“ — ეს კირას ფიქრებია. კირასი, რომელიც რაიანისგან ცდილობს თავის დახსნას, თუმცა იმდენი წელია რაიანი მის გონებაზე ჩუმ-ჩუმად და ნელ-ნელა მუშაობს, რომ კირას საკუთარი თავის დარწმუნებაც კი უჭირს იმაში, რომ რაიანი მას ცუდად ექცევა.

“ბავშვებს უყვართ. კარგი მამაა. ხომ ასეა?” — არა, კირა, რაიანი კარგი მამა არაა. რაიანი მანიპულატორია, რომელმაც ცხოვრება წაგართვა და ახლა ცდილობს, ბავშვები, შენი საყვარელი გოგონებიც შენსავით დაიმორჩილოს, დაადუმოს და მათ თავისუფლება წაართვას.

“სხეული ყველაზე ბოლოს აპატიებს ყველაფერს” — შეიძლება კირას გონება რაიანმა ბოლომდე დაიპყრო, ყველა ფიქრსა და ქმედებას აკონტროლებს, მაგრამ სხეული ვერ დაიმორჩილა. სხეულს ახსოვს, რაიანის მოახლოებისთანავე კირას კანკალი და ციებ-ცხელება ერთდროულად ეწყება.

“შენთვის ჯერ ცოტა დროა გასული, — დაასკვნის ბოლოს, — წამოსვლა ერთია, გაძლება კი — მეორე”, — კირა არაა ერთადერთი, ვისზეც ძალადობდნენ. კირასნაირები ბევრნი არიან, სულ სხვადასხვაგვარი ისტორიით, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. იციან, ესმით, ამხნევებენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს შეძლებისდაგვარად.

“რაც დედა და ცოლი გახდა, აღარ უსწავლებია. როცა ირლანდიაში ჩამოვიდა და დაქორწინდა, მუშაობას გეგმავდა, თუმცა, რაიანი ყოველთვის პოულობდა რაღაც მიზეზს, რომ კირასთვის სამსახურის პოვნა დაეშალა. ორსულობისას შთააგონებდა, ბავშვს არ არგებსო, მერე გაიძახოდა, ძიძას ძალიან ბევრი ფული სჭირდებაო. კირა მთელ თავის ძალებს ყოველი დღის გადატანაზე ხარჯავდა და ცდილობდა, საკუთარი ფიქრებისთვის მოესმინა”. — საკუთარი თავის დაკარგვა მარტივი პროცესი არაა, ერთი ხელის მოსმით არ ნადგურდება ის, რაც ერთ დროს დამოუკიდებელმა, ბედნიერმა ქალმა თავისთვის აიშენა. კირას დამოუკიდებელი ცხოვრება რაიანმა საკუთარ თავზე დამოკიდებული დროთა განმავლობაში გახადა, ნელ-ნელა, თითქოს ჭეშმარიტი და აზრიანი მიზეზებით.

“მხოლოდ ერთი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს — მერე რაიანი ირლანდიაში ბრუნდებოდა. საჯარო სამსახურის გამოცდები ახალი ჩაბარებული ჰქონდა და დუბლინში სამსახური ელოდა. მითხრა, ჩემთან ერთად წამოდიო. ვიფიქრე, რატომაც არა, წავყვები-მეთქი. შეიძლება, დარჩენის შემეშინდა, ზუსტად არ ვიცი. მართლა მეგონა რომ რაიანი ყველაზე დიდი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითონაც განუწყვეტლივ მიმეორებდა, ეს ყოველივე განსაკუთრებულია, ჩემს წინა შეყვარებულს არაფრით ჰგავხარ, ის გოგო ძალიან ცუდად მეპყრობოდაო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვალდებული ვიყავი, მასზე მეზრუნა. მეუბნებოდა, რთული ცხოვრება გამოვიარე და მჭირდება ადამიანი, ვისაც ვეყვარები, თანაც, შენსავით ვერავინ გამიგებსო”. — მანიპულაციის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. მანიპულატორის მიერ დაგებულ მახეში გაბმა მარტივია. თავბრუდამხვევი შეპირებები, სიყვარულის მოზღვავება, ქათინაურების სიუხვე და რაც მთავარია, რწმენა, რომ ეს ადამიანი აქამდე ასე არავის ჰყვარებია და შენ ხარ ის, ვინც მას მხსნელად მოევლინე.

“სახლში დაბრუნდი,“ — ეუბნება ის ხმა, — უნდა დაბრუნდე. შეხედე, საკუთარ შვილებს როგორ ექცევი. თამაში დამთავრდა. მდგომარეობა გამოუვალია. უბრალოდ, ადექი და დაბრუნდი. არც ისე ცუდად იყო საქმე. დაბრუნდი, დაბრუნდი, დაბრუნდი”. — და მაინც, საბოლოოდ რას გადაწყვეტს კირა? ამას მკითხველი შეიტყობს ირლანდიელი ავტორის, როშინ ო’დონელის სადებიუტო რომანში ბუდობა.

ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა

კირა ფეის თავგადასავალს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ახლა უკვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია მისი თარგმანის წაკითხვა. წიგნის შეძენას კი არა მხოლოდ ქარჩხაძის გამომცემლობის საიტზე, არამედ სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში შეძლებთ, მათ შორის, სულაკაურის წიგნის მაღაზიების ქსელში.

სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი