ოხვრას ცოტა არ იყო და დრამატული რეპუტაცია აქვს — როცა ვინმე მძიმედ ამოიოხრებს, ამას აუცილებლად დიდ დარდთან, გულნატეხობასთან ან უიმედო გადაღლილობასთან ვაკავშირებთ.

სინამდვილეში კი, სანამ ჩვენ ოხვრას ემოციურ კრიზისს ვაბრალებთ, სხეული ამას გადარჩენის მიზნით აკეთებს.

შეიძლება დაჰკვირვებიხარ კიდეც, მძიმე სტრესის ან შფოთვის დროს, ჩვენი სუნთქვა რომ იცვლება — ზედაპირული ხდება და მოზომილი. ამ დროს ფილტვებში არსებული მილიონობით პატარა ჰაეროვანი ბუშტუკი (ალვეოლი) ნელ-ნელა იჩუტება და იკუმშება. სისხლში ნახშირორჟანგი გროვდება, ტვინი კი სიგნალს იღებს, რომ ორგანიზმს ჟანგბადი აკლია.

სხეულს უსაფრთხოების ჩაშენებული, სრულიად ავტომატური სარქველი აქვს. ტვინი უცებ აგზავნის იმპულსს და ჩვენც უნებლიეთ ვაკეთებთ ორმაგ ჩასუნთქვას — ერთ ძირითადს, მეორეს ვამატებთ და ამას მოჰყვება ხოლმე ამოოხვრაც.

იმ მეორე, პატარა ჩასუნთქვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს — ძალით შლის და ინახავს იმ დაჩუტულ ალვეოლებს, რომლებსაც ამოსუნთქვისას ნახშირორჟანგთან ერთად ვაძევებთ.

ფოტო: Pinterest

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, გულს რაც ემართება ამ დროს.

როცა ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანგრძლივია, დიაფრაგმა მაღლა იწევს, გულის კამერებსაც მეტი სივრცე უჩნდება და შესაბამისად, სისხლის ნაკადი ცოტათი ნელდება. ეს კი ტვინისთვის სიგნალია, რომ საფრთხემ გადაიარა.

მოკლედ, ეს ამოოხვრა, წმინდა წყლის ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც ნერვულ სისტემას აიძულებს, შფოთვიდან მშვიდ რეჟიმზე გადაერთოს.

საინტერესო კი ის არის, რომ ამ მექანიზმის გამოყენება ცნობიერადაც შეგვიძლია. სულ არ არის აუცილებელი, ველოდოთ, სანამ სხეული გადაწვის პიკს მიაღწევს და თავისით ამოიოხრებს.

მარტივია:

  • ცხვირით ღრმად ჩაისუნთქე;
  • ბოლომდე შევსებულ ფილტვებს მალევე დაამატე კიდევ ერთი, პატარა ჩასუნთქვა (ისევ ცხვირით);
  • ბოლოს კი, პირით ნელა და ბოლომდე ამოისუნთქე.

ამ პროცესის სულ ორჯერ ან სამჯერ გამეორება საკმარისია, რომ სხეულმა ფიზიკურად იგრძნოს პულსის დაწევა.