სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 496 500 ლარი შეწირეს — ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველო" (TI) ავრცელებს.

პარტიის შემწირველებს შორის არის 29 პირი, რომლებიც სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან.

TI-ის განცხადებით, ქართული ოცნების სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს "ევროპაბეთის" მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა და დირექტორებმა — ჯამში, მათ 740 000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.

"ევროპაბეთი"

ამ თანხიდან ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღო ლაშა კვაჭაძემ — "ევროპაბეთის" 2,5%-ის ყოფილმა მფლობელმა 240,000 ლარი გაიღო. კვაჭაძე თბილისში “ტრამპთაუერის” მშენებლობის საქმეშიც ფიგურირებს. სტუდია "მონიტორმა" კვაჭაძე თაღლითური ონლაინ-კაზინოების თემაზეც ამხილა.

შპს "ორბიტალი"

შპს "ორბიტალის" ირგვლივ გაერთიანებულმა პირებმა, საერთო ჯამში, მმართველი პარტიისთვის 445,000 ლარი გაიღეს. "ორბიტალის" შემწირველთა შორის არიან ალექსი მოდებაძე და ალექსანდრე წულუკიძე.

"ორბიტალის" 20% წილს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომამდე ფლობდა სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც ასევე არის "ბეთლაივისა" და "ქუთაისი-2010"-ს ყოფილი მეწილე. სულიკო ვარსემაშვილი ფლობს კომპანია "მეამას".

შპს "ლიდერ-ბონუსი" და შპს "კრისტალ პლიუსი"

ორგანიზაციის განცახდებით, ქართული ოცნების წევრის, ისკო დასენის, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე შვილების, ტიტალ და კნიაზ დასენების კომპანიები: შპს "ლიდერ-ბონუსი" და შპს "კრისტალ პლიუს", ჯამში, სათამაშო ბიზნესის 10 ლიცენზიას ფლობენ, რის საფუძველზეც თბილისსა და რუსთავში მოწყობილი აქვთ სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები და წამახალისებელი თამაშების ობიექტები.

ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას, ჯამში, 136,000 ლარი შესწირეს.

შპს "ბეთლაივი"

კვლევაში ვკითხულობთ, რომ შპს "ბეთლაივის" 3%-იან წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა თამაზ ხარაიძე. ამ კომპანიას სათამაშო ბიზნესის 4 მოქმედი ლიცენზია აქვს, რის საფუძველზეც თბილისსა და მარნეულში მოწყობილი აქვს სათამაშო აპარატების სალონები, ტოტალიზატორები, სამორინეები და სხვა სათამაშო ბიზნესი. თამაზ ხარაიძემ 2019 წლის 28 მარტს ქართულ ოცნებას 20,000 ლარი შესწირა. ამავე კომპანიის მეწილეა ზურაბ ვარსემაშვილი, რომელიც "მეამას" ერთ-ერთი მფლობელის, სულიკო ვარსემაშვილის ნათესავიც და ბიზნეს-პარტნიორიც არის.