შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა და ესპანელმა პოლიციელებმა ქალაქ ვალენსიაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს სამი მოქალაქე, დააკავეს. მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას," — წერს უწყება.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები.

დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება.