თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის სხდომაზე გამოვედი და საზოგადოებას განვუცხადე, რომ სამუშაოებს 4 თვე დასჭირდებოდა, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, არ ვიცი რატომ, დააფიქსირა, თითქოს სამუშაოების ვადა გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავამთავროთ. ჩნდებოდა ეჭვი, თითქოს სამუშაოები არაჯეროვნად, უხარისხოდ შესრულდებოდა, და ეს ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დაუჯერონ ამ ცრუ მედიასაშუალებებს. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას სამუშაოების შესახებ. როგორც გითხარით, პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს — თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ," — განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე ხეები მასობრივად გაიჩეხა. მან მხოლოდ ერთი ხის მოჭრა დაადასტურა, რომელიც, მისი თქმით, დაზიანებული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა.

"კრიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში გავრცელა ინფორმაცია, თითქოს რეაბილიტაციის ფარგლებში გამზირზე მასიურად იჭრება მრავალწლოვანი ხეები და თბილისის მერია მწვანე სივრცეებს ანადგურებს. ეს, რა თქმა უნდა, არის სიცრუე, რომელსაც ფაქტები არ ადასტურებს.

მინდა საზოგადოებას ერთი მნიშვნელოვანი რამ შევახსენო: 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის პასუხისმგებლობა ავიღე, არცერთი პარკი, არცერთი რეკრეაციული სივრცე, არცერთი სკვერი თუ სტადიონი არ გასხვისებულა იმისთვის, რომ იქ მშენებლობები წამოწყებულიყო ან საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო.

თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული, ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი," — განაცხადა კალაძემ.