განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ელი სექტემბრიდან სკოლის ფორმების რეალიზაცია დაიწყება. მიქანაძის განმარტებით, ფორმები როგორც საცალოდ, ისე ონლაინ გაიყიდება.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.

"1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესის შესახებ, რომელიც ფორმების რეალიზაციას უკავშირდება. იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ჩვენ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. ესეც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მაგალითად, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში, რა შეღავათები შეიძლება გაითვალისწინოს ბანკმა შემძენ პირთან მიმართებით," — განაცხადა მიქანაძემ.

შემდეგ მიქანაძემ განმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმების შეძენაზე. მინისტრის განცხადებით, თუ მშობელი გააპროტესტებს შვილისთვის ფორმის ჩაცმას, მათ წინააღმდეგ "კონკრეტული აღმზრდელობითი მექანიზმები" ამოქმედდება.

"საზოგადოებაში არიან ადამიანები — თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი — რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: "მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში" — აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ ვერ გააზრებულად ათვითცნობიერებს, რაზეა საუბარი; რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ სკოლაში ბავშვის შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი.

შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება სავალდებულოა.

აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათისა იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს საერთო იქნება ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს," — განაცხადა გივი მიქანაძემ.

რა ეღირება ფორმები:

24 ივლისს გამოცემული სპეციალური ბრძანების თანახმად, სკოლის ფორმის ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • ბიჭის პიჯაკი — 45 ლარი;
  • ბიჭის შარვალი — 25 ლარი;
  • გოგოს პიჯაკი — 45 ლარი;
  • გოგოს შარვალი — 25 ლარი;
  • გოგოს ქვედაბოლო — 25 ლარი.

ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი (ან შარვალი და ქვედაბოლო), 95 ლარი ეღირება.

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. 1 801 000 სასკოლო ფორმა 3 ეტაპად შეიკერება.

მიქანაძის განმარტებით, სასკოლო ფორმების ფასი რამდენჯერმე იაფი იქნება კერძო სკოლების ფორმებთან შედარებით. გარდა ამისა, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები ქულით, ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს (ბიჭის შემთხვევაში) ან ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაბოლოს (გოგონას შემთხვევაში) სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.