საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრმა, გიორგი ფანგანმა, სოციალურ ქსელში ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ელექტროსისტემის გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება, რომელიც 24 და 25 ივლისს მომხდარი ავარიების შემდეგ სისტემის სუსტი წერტილების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება", — დაწერა გიორგი ფანგანმა.