97 წლის ქალმა თავისივე გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და კვლავ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი "ფრთაზე მოსიარულე" ქალი გახდა.

ბრიტანელმა ბეტი ბრომიჯმა მფრინავი თვითმფრინავის ფრთაზე უკვე მეექვსედ იფრინა. ბეტი ამ ექსტრემალური სპორტით 87 წლის ასაკში დაინტერესდა. 4 აგვისტოს კი ჰაერში კიდევ ერთხელ აიჭრა, საკუთარი თავი გამოცადა და 4 წლის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

"სხვანაირად ცხოვრება მომბეზრდებოდა. მანქანას ვეღარ ვატარებ, მხედველობაც დამიქვეითდა და ეს ცოტა მაბრაზებს. ამიტომ, მინდა ვაკეთო ის, რისი კეთებაც ჯერ კიდევ შემიძლია" , — განუცხადა ბეტიმ BBC-ს.

რეკორდის დამყარებისთვის მიღებული თანხა ბეტიმ ჩელტენჰემის საავადმყოფოს გადასცა. კლინიკის პერსონალი მასზე 2025 წლის აგვისტოში, ინსულტის გადატანის შემდეგ ზრუნავდა. ბეტიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საავადმყოფოში ძალიან კარგად მოექცნენ. როგორც თავად ამბობს, ინსულტმა მეტყველებაზე ოდნავ იმოქმედა, სხვა მხრივ კი თავს მშვენივრად გრძნობს.

ფოტო: Getty

"97 წლის ასაკში, რისი უნდა გეშინოდეს? არ შემიძლია არასოდეს უნდა თქვათ, ეს არასწორია. ჯობია თქვათ — 'გავაკეთებ, თუ შევძლებ'. როგორც ადრეც მითქვამს, ფრაზა 'არ შემიძლია' ჩემს ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს", — განაცხადა ბეტიმ.

ფოტო: Getty

გინესის ანალოგიური მსოფლიო რეკორდი კაცებს შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჰარი ჰისმანს ეკუთვნის. მან რეკორდი მაისში დაამყარა, როცა თვითმფრინავის ფრთაზე მდგომმა ბრიტანეთის თავზე იფრინა. ჰარიმ ამ ექსტრემალურ ფრენას ცხოვრებაში ყველაზე საოცარი გამოცდილება უწოდა. მიღებული თანხით ჰარიმაც ქველმოქმედება გასწია და გარდაცვლილი მეუღლისა და შვილის ხსოვნის პატივსაცემად, თანხა ბავშვთა კიბოს ფონდს გადასცა.