პოლიციამ თბილისში "გლოვოს"კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ "გლოვოს" კურიერზე თავდასხმის გამო ჯამში 5 არასრულწლოვანი დააკავა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. მოზარდებმა კურიერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

სამართალდამცველებმა 3 მოზარდი მეორე დღესვეს დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორს, რომლებიც იმალებოდნენ — რამდენიმე დღეში მიაგნეს.

გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია "გლოვოს" კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", —აღნიშნულია უწყების განცხადებაში.