სელენა გომესის მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპის, Wondermind-ის, რამდენიმე ინვესტორმა პოპვარსკვლავს უჩივლა და განაცხადა, რომ სტარტაპის წარმატებასა და მასში მომღერლის ჩართულობასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს.

სასამართლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სტარტაპი Wondermind 2021 წელს დაფუძნდა, სელენა გომესი კი თანადამფუძნებლისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებს. სტარტაპის ვებგვერდი ვიზიტორებს სიახლეების გამოწერას სთავაზობს და ჰპირდება, რომ პლატფორმა მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურ ზრუნვას გაუმარტივებს.

სარჩელში ხუთი ინვესტორი აღნიშნავს, რომ 2022 წელს კომპანიაში $1.2 მილიონი ჩადეს იმ მოლოდინით, რომ გომესი კომპანიის განსავითარებლად საკუთარ ვარსკვლავურ გავლენასა და სოციალურ ქსელების უზარმაზარ აუდიტორიას გამოიყენებდა.

ინვესტორებმა უჩივლეს როგორც სელენა გომესს, ისე მომღერლის დედას (რომელიც კომპანიის თანახელმძღვანელია) და მათ ყოფილ ბიზნესპარტნიორს. ბრალდებულებს ფასიანი ქაღალდებით თაღლითობასა და კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინვესტორები ითხოვენ ჩადებული ფულის უკან დაბრუნებას და დამატებით, ზარალისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს კომპანიამ თავისი ღირებულება $95 მილიონად შეაფასა. ამ პერიოდში ინვესტორები დაარწმუნეს, რომ მალე დაიწყებოდა თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა JPMorgan, დაიდებოდა მსხვილი სარეკლამო კონტრაქტები და შეიქმნებოდა ინოვაციური აპლიკაცია, თუმცა ეს დაპირებები ტყუილი აღმოჩნდა.

ბრალდებულებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.