ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპანია "სოლიდუსის" მიერ მიწოდებული ნავთობპროდუქტების საერთო რაოდენობა 400 ტონას გაუტოლდა. BM.GEსაუბრისას აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა.

ბიზნესმენის განმარტებით, თავდაპირველად გაგზავნილი 300 ტონა საკმარისი არ აღმოჩნდა გალის რაიონში შექმნილი დეფიციტის შესამსუბუქებლად. შესაბამისად, რადგან ადგილზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, "სოლიდუსი", როგორც სპეციალური საწარმოს სტატუსის მფლობელი სუბიექტი, მომარაგების პროცესს იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

"სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას არ აპირებს. თვითონაც არ უნდათ საჩუქრები, ყიდულობენ.

გუშინ დამატებით კიდევ 100 ტონა გავიტანეთ, დღეს ჯამში 400 ტონა გვაქვს უკვე გატანილი", — აცხადებს გიორგი არველაძე და დასძენს, რომ დამატებითი მოცულობების გატანის შესახებ კომპანიას მთავრობისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, პროდუქციის მიწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. ფაქტი პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა და განმარტა, რომ პროცესში კერძო ბიზნესი მონაწილეობდა და არა სახელმწიფო.

13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის პორტალზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელების ნებართვა (სპეციალური საწარმოს სტატუსი) 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ შპს "სოლიდუსს". კანონმდებლობით, ოკუპირებულ ზონაში საქონლის გატანის უფლება სწორედ ასეთი სტატუსის მქონე სუბიექტებს აქვთ.

კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, პროდუქცია კონკრეტულად გალის რაიონისთვის იყო განკუთვნილი, საწყისი მოცულობა კი 300 ტონას შეადგენდა და არა 3 000 ტონას, როგორც ეს ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.