"მითების დეტექტორმა" ჩაატარა კვლევა, რომელმაც AI-ის დახმარებით გენერირებული 230 ყალბი ანგარიში გამოავლინა. ეს ანგარიშები ირაკლი კობახიძის 12 აგვისტოს ბრიფინგის განცხადებების მოსაწონებლად გამოიყენებოდა, სადაც პრემიერმა ყურადღება "რუსოფობიაზე" საუბარს დაუთმო.

ორგანიზაციამ "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" სოციალურ ქსელში განთავსებული საინფორმაციო ბარათები შეისწავლა, სადაც ყურადღება საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივებასა და ამ პროცესში "დიფ სთეითის" როლზე იყო გამახვილებული.

"მითების დეტექტორი" აღნიშნულ საინფორმაციო ბარათებზე მოწონებებსა და იმ პროფილებს დააკვირდა, რომელთა ფოტოების ავთენტურობა, ვიზუალი და სოციალურ ქსელებში ქცევის იდენტურობა საეჭვოდ გამოიყურებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, ანალიზმა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნები გამოავლინა, რაც კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდას ისახავდა მიზნად.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა 230 ყალბი ანგარიში, რომელთა საერთო მახასიათებლები კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაზე (CIB) მიუთითებს:

1) პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული:

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.

2) ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება

ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.

3) პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ

პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.

4) იკვეთება იდენტური ქცევა

ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისის აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.

5) ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა

საეჭვო ანგარიშების მოწონებები "გლობალური ომის პარტიის", "დიპ სთეითის გეგმის" და "მეორე ფრონტის გახსნის შესახებ" მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე "რუსუფობიის" შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.

ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ იყენებენ ერთსა და იმავე ხელოვნული ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს სხვადასხვა ვინაობის ანგარიშები.

ფოტო: მითების დეტექტორი

კვლევა იხილეთ სრულად აქ.