რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კვირას NATO-ს გამანადგურებელმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში მისი ორი მეზობლის, უკრაინისა და მოლდოვის საზღვართან შევიდა. ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონი მოლდოვიდან შეფრინდა და ის კვირას, 16 აგვისტოს, დილით, NATO-ს მისიაში ჩართულმა ესპანურმა F-18 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ნამსხვრევები უკრაინის საზღვართან ახლოს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა.

NATO-ს წარმომადგენლის, მარტი ო'დონელის თქმით, დრონი, სავარაუდოდ, რუსული იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს NATO-ს ავიაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონის ჩამოგდების უკვე მეოთხე წარმატებული შემთხვევაა.

ო'დონელის განცხადებით, ოპერაცია ესპანეთში, ტორეხონში მდებარე NATO-ს საჰაერო ოპერაციების გაერთიანებული ცენტრის მიერ იმართებოდა.

SBC წერს, რომ აღნიშნული ინციდენტი უკრაინის მეზობელ ქვეყნებში დრონების უნებლიე შეჭრის სერიის მორიგი შემთხვევაა. ხელისუფლებები ამას რუსეთთან ომის ფარგლებში მიმდინარე ელექტრონულ ჩარევებს (ხელშეშლას) უკავშირებენ. ზოგ შემთხვევაში დრონები უკრაინულია და მათზე კონტროლს რუსული ძალები იღებენ.