ირანის პარლამენტმა კვირას, 16 აგვისტოს, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისლამური რესპუბლიკისთვის მტრულად მიჩნეულ მედიასთან ინტერვიუს მიცემასა და სხვა სახის კომუნიკაციას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს. ამის შესახებ ირანული გამოცემა Shargh იუწყება. კანონპროექტი, მათ შორის, აშშ-ისა და ისრაელის მედიასაშუალებებს, ასევე ამ ქვეყნების მიერ დაფინანსებულ მედიასაც ეხება.

პარლამენტის იურიდიული და სასამართლო კომისიის წევრმა, ოსმან სალარიმ განაცხადა, რომ კანონპროექტის ცალკეული მუხლები, რომლებიც უცხოური დაზვერვის გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული, ჯერ კიდევ განხილვისა და დამტკიცების პროცესშია. სალარიმ ირანულ სასამართლო მედიასაშუალება Mizan-ს განუცხადა, რომ ცნობები კანონპროექტის დეტალების შესახებ ჯერ საბოლოოდ არ უნდა ჩაითვალოს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ასეთ მედიასაშუალებებთან ინტერვიუები ან დისკუსიებში მონაწილეობა აიკრძალება, ხოლო დარღვევა 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სხვა უცხოურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებისათვის საჭირო იქნება დაზვერვის სამინისტროს ინფორმირება. ხოლო უცხოეთის საელჩოებთან, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობებსა თუ სხვა არაირანულ ინსტიტუტებთან კონტაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა და წერილობითი ნებართვის გარეშე, დაჯარიმებასა და გარკვეული სოციალური უფლებების ჩამორთმევას გამოიწვევს.