თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "სოლიდუსის" მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას ეხმაურება. მისი თქმით, "ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოხერხდეს აფხაზებთან თანაცხოვრება". ცნობისათვის, შპს "სოლიდუსი" ნავთობპროდუქტებს "რეპსოლისგან" იღებდა.

"იცით, რომ არსებობს კანონი "ოკუპაციის შესახებ" და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.

"არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა — ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია", — განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა, CONNECT-მა "რეპსოლის" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შპს "სოლიდუსისთვის" ნავთობპროდუქტების დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავს. ამასთან, კომპანია ადასტურებს, რომ "სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მათგან შეიძინა. მათივე თქმით, "სად განახორციელებს შპს "სოლიდუსი" ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთან არ თანხმდება".