ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, მომდევნო ორი სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლებელში შიდა და გარე მობილობის შესაძლებლობა ყველა მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამაზე შენარჩუნდება, ხოლო ორი წლის შემდეგ მიღება სამი ძირითადი აკადემიური მიმართულებით გაგრძელდება.

"ბოლო პერიოდში საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ე.წ. "რეფორმასთან" დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა და გაურკვევლობა არსებობს, განსაკუთრებით კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მომდევნო ორი სასწავლო წლის განმავლობაში შიდა და გარე მობილობის შესაძლებლობას შეინარჩუნებს უნივერსიტეტში მოქმედ 120-ვე საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ამასთან, ორი სასწავლო წლის შემდეგ უნივერსიტეტში მიღება კვლავ გაგრძელდება სამი ძირითადი აკადემიური მიმართულებით:

• მეცნიერებები და ხელოვნება;
• ბიზნესი, ტექნოლოგია და განათლება;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მედიცინა.

სამართლის მიმართულება ამ ჩამონათვალში არ შედის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს თავისი 20 წლიანი აკადემიური ტრადიცია და სტუდენტებს მომავალშიც მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ილიაუნის ისტორია გრძელდება და მის მომავალს სწორედ ახალი თაობები ქმნიან.

პ.ს. აქვე გაგიზიარებთ ბმულებს გარე მობილობასთან დაკავშირებით:

1. მცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;

2. საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტი;

3.ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სკოლა;

4. სამართლის სკოლა.

გელოდებით, მომავალო ილიაუნელებო!", — წერია განცხადებაში.