თბილისში პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ნაცნობს 30 000 დოლარი გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა.

სქემა ასეთი იყო — ბრალდებული ნაცნობს შეჰპირდა, რომ 30 000 დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 დოლარის სარგებელს გადაუხდიდა. სანდოობის დასამტკიცებლად დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილი მიწა ბრალდებულს საერთოდ არ ეკუთვნოდა, ხოლო რეალურად გადაფორმებული ნაკვეთი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. სამი თვის შემდეგ თაღლითმა არც პროცენტი გადაიხადა და არც ნასესხები ფული დააბრუნა — ჯამში მან დაზარალებულს 17 640 ლარის ზიანი მიაყენა.

უწყების განცხადებით, გამოძიებამ დანაშაულის დეტალები სრულად გამოავლინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.

სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30 000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 17 640 ლარს, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

პოლიციამ კაცი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა",— წერია უწყების განცხადებაში.