აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

"კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. მან 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. გარდა ამისა, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა", — შსს-ს კომენტარს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ფარტენაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გაავრცელა.

ცნობისთვის გუშინ, 16 აგვისტოს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს. მანამდე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და მეტეოროლოგმა, კობა ფარტენაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ ემუქრება უცნობი კაცი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს 7 000-7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.