პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ თავად მიდიოდა სუს-ში და თანხას სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს კაბინეტში გადასცემდა.

ჟურნალისტის კითხვაზე — უშუალოდ რომეო მიქაუტაძე მიდიოდა სუს-ში და გადასცემდა თანხას გრიგოლ ლილუაშვილს?, პროკურორი პასუხობს. რომ "კი, ბატონო. როგორც მოწმე აცხადებს, ასეა".

მისივე თქმით, მიქაუტაძე სუს-ში "საშვის, შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა".

"მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის, შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირებიც, რომლებიც მანამდე ნამყოფი იყვნენ უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათი ასვლის პროცედურა რაც არის, ასევე დაცვის წევრების მიერ ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს", — განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მიქაუტაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას კიდევ ერთი მოწმის — ბიზნესმენის ჩვენება ამყარებს.

"დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას, ერთ-ერთი გარემოება ეს არის, რაც ამყარებს. გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს", — განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 16 მარტს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და: 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა; 2 წლით აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება; ჩამოართვა ქონების ნაწილი, მათ შორის: სახლები ესპანეთსა და მცხეთაში; მისი და მეუღლის სამი ავტომობილი; "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი;
ჩხრეკისას ამოღებული ნივთები.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, პროკურატურა მას ედავება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით ისჯება და 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.