თეთრი სახლის ანგარიშის "დიდი ტრანზიტული თაღლითობას" (The Great Transshipment Scam) თანახმად, ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს.

ანგარიშის ავტორების მიერ "დიდი ტრანზიტული თაღლითობის" მონაწილეებად იდენტიფიცირებული დაახლოებით 40 ქვეყანა პირობითად სამ კატეგორიად იყოფა.

ამ ანგარიშში "ჩინეთთან დაკავშირებული პროდუქცია" ნიშნავს საქონელს, რომელიც აშშ-ში შეტანისას შესაძლოა ჩინური წარმოშობისად არ იყოს დეკლარირებული, თუმცა მისი ეკონომიკური წარმოშობა, კონტროლი ან შემცველობა არსებითად ჩინეთთან არის დაკავშირებული. ამის ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთში წარმოებული ნედლეული ან კომპონენტები, ჩინური საკუთრება ან დაფინანსება, ჩინელ მომწოდებლებთან ან მწარმოებლებთან კავშირები, წარმოების ცალკეული ეტაპების ჩინეთში შესრულება, ჩინეთთან დაკავშირებული სატრანზიტო მარშრუტები ან სხვა სავაჭრო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პროდუქტი შესაძლოა ჩინური წარმოშობის უკანონო ტრანზიტის ან წარმოშობის შეცვლის სქემის ნაწილი იყოს.

პირველი კატეგორია — დივერსიფიცირებული მასშტაბური ლიდერები:

პირველ კატეგორიაში შედიან ქვეყნები და ეკონომიკური გაერთიანებები, რომლებიც აშშ-ში ჩინეთთან დაკავშირებული პროდუქციის ყველაზე დიდ აბსოლუტურ მოცულობას აგზავნიან, თუმცა ამავდროულად საკუთარი მრავალფეროვანი სამრეწველო ბაზა და აშშ-ზე ორიენტირებული ძლიერი საექსპორტო პლატფორმებიც აქვთ. ამ ქვეყნებში უკანონო ტრანზიტის რისკი ფართომასშტაბიანი ლეგიტიმური ვაჭრობის ფონზეა ჩაშენებული.

ამ ჯგუფში შედიან: კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი.

მეორე კატეგორია — ჩინეთთან ღრმად ინტეგრირებული მასშტაბური ეკონომიკები:

მეორე კატეგორიაში ის ქვეყნები შედიან, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის მნიშვნელოვან მოცულობას ატარებენ და ამასთანავე ჩინურ მიწოდების ჯაჭვებთან უფრო მჭიდროდ არიან ინტეგრირებულნი. ეს ინტეგრაცია მოიცავს ნედლეულის შესყიდვას, საწარმოო პლატფორმებს, ლოგისტიკურ სისტემებსა და რეგიონულ გადამისამართების არხებს.

ამ კატეგორიაში შედიან: ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი.

ამ ქვეყნებს აქვთ საკმარისი სამრეწველო მასშტაბი, საპორტო ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, საწარმოო შესაძლებლობები და ლოგისტიკური რესურსი იმისთვის, რომ აშშ-ის მიმართულებით ჩინეთთან დაკავშირებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაკადები გაატარონ. განსაკუთრებით ვიეტნამი, ტაილანდი, მალაიზია და ინდონეზია მჭიდროდ არიან ჩართული ჩინეთის მეზობელ საწარმოო ქსელებში და ელექტრონიკის, მანქანა-დანადგარების, პლასტმასის ნაწარმის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კომპონენტებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვან პლატფორმებად იქცნენ, სადაც ჩინური წარმოშობის მასალები ფართოდ გამოიყენება. ბრაზილია და თურქეთი კი რეგიონულ საწარმოო და ლოგისტიკურ ჰაბებად ფუნქციონირებენ და გარკვეულ პროდუქციის კატეგორიებში გადამისამართებისა და "გარდაქმნის"“ სქემების მხარდაჭერა შეუძლიათ.

მესამე კატეგორია — მცირე, ოპორტუნისტული სამიზნეები:

მესამე კატეგორია ყველაზე მრავალრიცხოვანია და მოიცავს შედარებით მცირე ეკონომიკებს, რომელთა გავლით უკანონო ტრანზიტის საერთო მოცულობა ნაკლებია, თუმცა მათ კონკრეტული უპირატესობები აქვთ, რაც ჩინეთისთვის მიმზიდველ "სუსტ რგოლებად" აქცევს. სწორედ ამ კატეგორიაშია ნახსენები საქართველო. ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და "მშრალი პორტების" ინფრასტრუქტურას, ტვირთების კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო სატრანსპორტო კავშირებს. ამავე კატეგორიაშია — კამბოჯა, ლაოსი, მიანმა, პანამა, კოსტა-რიკა და იორდანია.

ანგარიში "ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში" შემავალ ეკონომიკებს ფუნქციურად ჰყოფს. ანგარიშის მიხედვით, "სარტყელი და გზის" ინიციატივის სახმელეთო კვანძების ფუნქციური ჯგუფი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.