კოალიცია ძლიერი საქართველო-ლელო სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად. ამის შესახებ კოალიციის წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათმა კოალიციამ "თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოამზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რეგულაციის ცვლილება არ არის, ანტიკონსტიტუციური აქტია".

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო მანიპულაციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის, ქართული ოცნება 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამის პასუხად, ქართულმა ოცნებამ ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ასობით ათას თანამემამულეს, პრაქტიკულად, წაართვა საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენო არ ვართმევთო მათ საარჩევნო უფლებასო და არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო. რამდენად არარეალური არის ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება იმიტომ, რომ ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ. ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომ ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაშიც ჩართულები. ამიტომა, ქართულმა ოცნებამ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო
უფლება და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს: შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა!

კოალიცია ძლიერმა საქართველომ — ლელომ თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოამზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება იმიტომ, რომ ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში", — განაცხადა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე.