უკრაინული მედია უკრაინის რადას დეპუტატის (ფრაქცია "ხალხის მსახური") ლიზა იასკოს ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.

2026 წლის დეკლარაციების მიხედვით, ლიზა იასკო უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის წევრია.

დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკოსი დედაქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ავტოსადგომის მფლობელი გახდა. იასკომ 1 მილიონ 25 ათასი გრივნა გადაიხადა 12,5 მ² ფართობის ავტოსადგომში. ეს უკვე მეორე ავტოსადგომია, რომელიც დეპუტატმა ბოლო წლებში შეიძინა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იასკოს ჰყავს Suzuki Vitara-ს კროსოვერი.

2024 წელს, ის კიევში 57.2 კვ.მ. ფართობის ბინის მფლობელი გახდა, რომლის ღირებულება 2 042 610 გრივნას შეადგენს (დაახლოებით 45 600$). გარდა ამისა, დეპუტატი ქალიშვილთან ერთად ფლობს დედაქალაქში კიდევ ერთი 97.2 კვ.მ. ფართობის ბინას, რომლის ღირებულება 5 613 000 გრივნაა (დაახლოებით 125 400$-მდე).

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ბინა მისმა ქალიშვილმა, ჟასმინმა მამისგან, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან 2023 წელს საჩუქრად მიიღო. მჩუქებელი საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაა. (იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი უკვე სასჯელს იხდიდა და საპატიმროში იმყოფებდა). ამას გარდა, ბებიამ შვილიშვილს ასევე ნაღდი ფული — 1 მილიონი გრივნა (დაახლოებით 22 400$) გადასცა. ეს თანხა უძრავი ქონების ჩუქებისას წარმოშობილი გადასახადების გადახდისთვის იყო განკუთვნილი. უკრაინული მედიის ცნობით, ლიზა იასკომ შვილს თავისი გვარი მისცა.

ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი

ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი

ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა საჯარო 2021 წლის ოქტომბერში გახდა. მაშინ სააკაშვილმა წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში განაცხადა, რომ იასკოსთან ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ. მან ამ ურთიერთობას "დიდი სიყვარულის ისტორია" უწოდა. მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს, იასკომ საჯაროდ დაადასტურა მათი ურთიერთობა და შემდეგ პერიოდში ციხეში რამდენჯერმე შეხვდა სააკაშვილს და ხშირად საუბრობდა მის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე.

2023 წლის ივნისში იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა. მან ბავშვის მამის ვინაობა პირდაპირ არ დაასახელა, თუმცა უკრაინული მედია, მათ შორის NV და Tabloid, წერდა, რომ ბავშვის მამა მიხეილ სააკაშვილია.