ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათ ცნობით, ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებას და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.

"ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრ გივი მიქანაძეს შეხვდნენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ინტერაქციულ ფორმატში მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სტუმრებს ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომელთან შეხვედრაზეც ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ.
მათ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს.

ჩინელმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში.

ვიზიტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა" — წერია განცხადებაში.