ეროვნული კინოცენტრი აცხადებს, რომ ლოკარნოს კინოფესტივალზე უტა ბერიას ფილმის "ცრემლსადენი გაზის" ჩვენებაზე უარი იმიტომ თქვსე, რომ ფილმის საბოლოო ვერსია ნანახი არ ჰქონდათ. ამის შესახებ განცხადება კინოცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა:

"ფილმი "ცრემლსადენი გაზი" დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს "1991 ფროდაქშენსის" დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში — Cineasti del Presente, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის "ცრემლსადენი გაზი" დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ "ცრემლსადენი გაზის" ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის", — წერს კინოცენტრი.

19 აგვისტოს რეჟისორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ეროვნული კინოცენტრის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და ცენზურის მცდელობაზე საუბრობს. ის წერს, რომ "ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დაესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს".

შეგახსენებთ, რომ უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა "ცრემლსადენმა გაზი" ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მოიპოვა. ჯილდო რეჟისორმა თბილისის 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაპატიმრებულ მათე დევიძეს მიუძღვნა, რომელსაც "საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი" უწოდა.