სამოქალაქო აქტივისტის, ნათია თოხაძის ცნობით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტ ნანა სანდერს სრულიად აქვს შეზღუდული ზარის განხორციელების და პროდუქტების შეძენის უფლება. მისივე თქმით, სანდერს არ მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ვეგანურ-დიაბეტური საკვები. ნათია თოხაძემ დაწერა, რომ სანდერი მშრალ შიმშილობას იწყებს.

"ნანა სანდერმა სხვისი დახმარებით მომაწოდა ინფორმაცია, რომ სრულიად ააქვს შეზღუდული ზარის განხორციელების უფლება, არ ააქვს უფლება პროდუქტების შეძენის და არ მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ვეგანურ-დიაბეტური საკვები.

დღეიდან აპირებს მშრალი შიმშილობის დაწყებას", — წერს ნათია თოხაძემ სოციალურ ქსელში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური სამოქალაქო აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებული N5 ქალთა დაწესებულების დახურულ ნაწილში იმყოფება, სადაც კანონით განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი თვეში 75 წუთს შეადგენს, სანდერმა კი აგვისტოს თვის ლიმიტი სრულად ამოწურა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში. პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა. რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში", — წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნანა სანდერსს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.