უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა "ცრემლსადენმა გაზი“ (რომელიც ნაწილობრივ კინოცენტრის დაფინანსებით შეიქმნა) ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მოიპოვა. ჯილდო რეჟისორმა თბილისის 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაპატიმრებულ მათე დევიძეს მიუძღვნა, რომელსაც "საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი" უწოდა.

ფოტო: 1991 Productions

ფოტო: 1991 Productions

19 აგვისტოს რეჟისორმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ეროვნული კინოცენტრის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და ცენზურის მცდელობაზე საუბრობს.

კინემატოგრაფისტის განმარტებით, სახელმწიფო უწყებამ წარმოების პროცესში მყოფ პროექტს 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ყოველგვარი განმარტების გარეშე ჩამოაჭრა. მიუხედავად ფინანსური დაბრკოლებებისა, ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრებისა და ვალების აღების ხარჯზე, გადამღებმა ჯგუფმა ნამუშევრის დასრულება მაინც შეძლო.

უტა ბერია, რეჟისორი

უტა ბერია, რეჟისორი

"მადლობას გიხდით ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

ერთი სული მაქვს როდის დადგება დღე როცა ქართველი მაყურებელი ნახავს ფილმს.

"ცრემლსადენ გაზზე" მუშაობის პროცესი ძალიან რთული, ხანგრძლივი და საინტერესო იყო. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის გარეშე ეს ფილმი ვერ შედგებოდა.

2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოების პროცესში მყოფებს არ მოგვცა, მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება", — წერია განცხადებაში.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, პრობლემები ამით არ დასრულებულა — ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან გაფრთხილების წერილი მიიღეს, სადაც ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ უწყებამ უშუალოდ ფესტივალის ორგანიზატორებსაც მიმართა პრემიერის ჩაშლის მოთხოვნით, თუმცა ლოკარნოს კინოფესტივალმა სურათი საკონკურსო პროგრამაში მაინც დატოვა.

ბერიას შეფასებით, ინსტიტუცია, რომელიც მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება და ქართული კინოს განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, ცენზორის როლს ირგებს, ზღუდავს ხელოვანებს და ცდილობს, ნამუშევარი მაყურებლამდე არ მივიდეს.

"შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.

სამწუხაროა რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს.

ჯერ ეცადნენ რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს.

ჩემი კოლეგების უმრავლესობას დღეს ფილმების გადაღების შესაძლებლობა არ აქვს, ოკმელა და ანდრო ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ! ამ დროს ინსტიტუციას რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს!

ხელოვნება ჩვენგან საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნას ითხოვს, სხვანაირად არ გამოდის. ასობით ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვერ აკეთებს დღეს თავის საყვარელ საქმეს და როცა ქართული კინო საფრთხეშია ეს ნიშნავს რომ საფრთხეშია ყველა ადამიანი ვინც ამ ხელოვნებას თავი მიუძღვნა", — დაწერა რეჟისორმა.

ფოტო: 1991 Productions