ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, ქართული მხარე ქართველებს საწვავის გადატანაზე ლიმიტს უწესებს. bm.ge-თან ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ 20 ლიტრამდე ბენზინის გადატანის უფლებას აძლევენ.

"აფხაზების საგუშაგომდე მიმავალი ყველა ტრანსპორტი სისტემატურად მოწმდება. რაც საწვავის დეფიციტი დაიწყო, ახლა ამაზე გამკაცრდა კონტროლი, იქამდეც იყო საბურავებზე, ხან რაზე და ხან — რაზე, ვერ გაიგებ. არც არავინ აგიხსნის ნორმალურად, თუ რას რატომ ზღუდავენ ან უშვებენ. დღეს, მორიგი კონტროლის გავლის დროს, გამოგვიცხადეს, რომ მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის შეტანის უფლებას გვაძლევენ, თუ რა ხდება 20 ლიტრის მერე, მინდოდა მეკითხა, მაგრამ შარს მოვერიდე.

[...] ვინც არ იცის, ჩვენ აფხაზეთში გადასასვლელად, სამ ადგილას გვიმოწმებენ ჩანთებს და საბუთებს. ზუგდიდიდან რომ მიდიხარ, ჯერ ქართველები გამოწმებენ, მერე რუსები და მერე - აფხაზები. სამივეგან არის შანსი, ბარგი არ შეგიმოწმონ, მაგრამ ესეც გამართლებაზეა. არავინ იცის ზუსტად რის უფლებას გვაძლევს დანარჩენი “კონტროლი”, კითხვასაც ვერავინ გაუბედავს. ამბობენ 5 ლიტრიო, მაგრამ აქ შანსი იმის, რომ მეტი შეიტანო, სულ არის, ან ფულს გადაიხდი და გაგატანენ, აქაური ხალხი ყველაფერს ახერხებს, უბრალოდ გაუგებარია, რატომ მზღუდავს ისევ ჩემი ქართველი, როცა აგერ ტონობით საწვავი შემოაქვთ. თუ ხმამაღლა აცხადებ, რომ მე მეხმარები, რატომ მიზღუდავ დავეხმარო საკუთარ თავს?!", — ამბობს BMG-სთან გალის მკვიდრი.

ადგილობრივები საწვავის დეფიციტზე ჩივიან და ამბობენ, რომ გალში საწვავი არ აქვთ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ საქართველოდან შემოსული ბენზინი რუსეთში მოხვდა.

"გალში საწვავი არ გვაქვს, ტელევიზორში კი გამოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ — ქართველებს დავეხმარეთო. ჩვენ თუ გვეხმარებოდნენ, მაშინ გალში რატომ არ არის საწვავი და თუ არის, რატომაა სხვა ტერიტორიაზე ძვირი?! ხალხი, ოჩამჩირეში, დილიდან დაღამებამდე ხუთასმანქანიან რიგში დგას; თუ ქართველს ეხმარები, ამდენი ტონა საწვავი გალში რომ დარჩენილიყო, რა გვიჭირდა, ვიფიქრებდით, რომ მართლა დაგვეხმარნენ. საქმე ის არის, რომ ყველამ ვიცით, ვისაც დაეხმარნენ და ღირსიც ვიქნებით მაგისთვის უკრაინამ დაგვბომბოს", — ამბობს ერთ-ერთი გალში მცხოვრები.

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავია შეტანილი. კრიზისი გადასაჭრელად მომდევნო დღეებში დამატებითი საწვავის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი, რაც პრობლემას აღმოფხვრის.

"დაახლოებით 680 ტონა საწვავია შეტანილი და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ჰუმანიტარული კრიზისი გადაიჭრას აფხაზეთში. მომდევნო დღეებში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის რეგიონში, რაც აღმოფხვრის პრობლემას", – თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთანაა დაკავშირებული.

"ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი — აქ ახლა ფულის შოვნა არ იყო... შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ნაბიჯი, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი", — თქვა კობახიძემ.

მეტი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე წაიკითხეთ აქ: