მაღაზია "ბიბლუსი" გლდანის ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვანდალური ქმედება მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში გამოვლინდა და დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, ლაშა ბუღაძის 3 და ზურაბ ჭიაბერაშვილის 2 წიგნი. ეს წიგნებია: ბუღაძის "ლიტერატურული ექსპრესი" და "დამკვირვებელი" და ჭიაბერაშვილის "დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე".

მათივე განმარტებით, ინციდენტში მონაწილის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ვიდეომეთვალყურეობის კამერებით მოპოვებული ინფორმაცია გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიზიარებთ "ბიბლუსის" გლდანის მოლის ფილიალში მომხდარი ინციდენტის დეტალებს:

გადამოწმდა ჩვენი ყველა მაღაზია. ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, ლაშა ბუღაძის 3 და ზურაბ ჭიაბერაშვილის 2 — "ლიტერატურული ექსპრესი, "დამკვირვებელი", "დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე".

"ბიბლუსის" მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ "ბიბლუსის" მიმართ.

ინფორმაციის დაზუსტებამდე საზოგადოებისთვის არასრული სურათის მიწოდება მართებულად არ მივიჩნიეთ", — წერს "ბიბლუსი".

შეგახსენებთ, ლაშა ბუღაძის წიგნებზე მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია ლიკა ლაზიშვილმა გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნ "დამკვირვებლის" ყველა პირველ გვერდზე ფალოსები იყო მიხატული.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა "ბიბლუსმა", სადაც აღნიშნულია, რომ გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა. მაღაზიას არ დაუკონკრეტებია ავტორების ვინაობა, თუმცა, მათ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.

მომხდარს გამოეხმაურა "სულაკაურის გამომცემლობაც". მათ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.